საქართველოს ხმა საერთაშორისო ასპარეზზე სულ უფრო ნაკლებად ისმის - ასეთია ანალიტიკოსების შეფასება, საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ისინი უერთდებიან ოპოზიციის კრიტიკას, რომელმაც "ოცნება" ღალატში და უმოქმედობაში დაადანაშაულა.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ექვს პუნქტიანი გეგმის შეუსრულებლობისთვის რუსეთს პასუხს არავინ სთხოვს და ეს მთლიანად ხელისუფლების საგარეო უმოქმედობის ბრალია.
"ატლანტიკური საბჭოს" აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნულ ბრალდებას იზიარებს. გიორგი მუჩაიძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკას ეწევა.
„ხელშეკრულება, რომელიც დაიდო საერთაშორისო თანამეგობრობის მედიაციით და ჩართულობით, დღესდღეობით საქართველოს მხრიდან 100 %-ით სრულდება და რუსეთის მხრიდან 80%-ით არ სრულდება. გინდა სანქციები დავარქვათ ამას, გინდა რეალური განცხადებები, დემარშები შენ თუ არ წამოაყენე ეს თემა არ მოხდება და ნელ -ნელა ამის ნიველირება მოხდება. იმიტომ, რომ იმდენი თემა არის საერთაშორისო უსაფრთხოების დღის წესრიგში, რომ დაჩრდილავს სხვა თუ შენ არ მოახდინე, არა მარტო შენ, შენი დახმარებით უნდა შეკრიბო შენი პარტნიორი ქვეყნები, აღმოსავლეთ ევროპის სადაც სერიოზული მხარდამჭერი ქვეყნები იქნებიან ისინი, აშშ და ა.შ. სამწუხაროდ, არასაკმარისად აკეთებს და დღესდღეობით მე დავარქმევდი იმ პოლიტიკას რასაც აწარმოებს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკას რომელიც პირიქით რუსეთის დღის წესრიგზე ასხამს წყალს,“-განაცხადა გიორგი მუჩაიძემ.
საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობას ეროვნულ და პოლიტიკურ უთავმოყვარეობად აფასებს "სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელი. ნოდარ ხარშილაძე თვლის, რომ "ოცნების" ხელისუფლება ცდილობს ყველა ნაბიჯით პუტინს ასიამოვნოს.
„მათი დღის წესრიგი ის არის რომ პუტინი არ გააბრაზონ და რაღაც მოსკოვში ფრენების ფული გადაიხადონ რომ რუსებს გაუხარდეთ. ეს არის რაღაც უკიდურესი დონის უთავმოყვარეო და კოლაბორაციონული პოლიტიკა რაც ეროვნულ, არც პოლიტიკურ და არც ადამიანურ ღირებულებებში არ ჯდება. პუტინს ეგებიან ფეხქვეშ და მის მსახურებს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის რომ იქიდან არ გაუბრაზდნენ და შემდეგ ამათ შესაძლებლობა ჰქონდეთ რამე რომ იყოს რუსული ტიპის პროვინციული დიქტატურა დაამყარონ საქართველოში. 12 აგვისტოს ხელშეკრულებამ იმის საშუალება მოგვცა ჩვენ რომ ამერიკა ჩარეულიყო, ევროპა და აგრესია გაეჩერებინათ. გავითვალისწინოთ რა რაღაც გარიგებებზე რომ საუბრობენ მოსკოვთან, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ რუსეთი ცნობილია თავისი იმიჯით რომ ხელშეკრულების დადების დროს იმაზე ფიქრობს რომ როგორ დაარღვიოს,“-განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.