„ამათგან ზეწოლის გარდა, სხვა თუ რამე მასზე უარესი არსებობს, ესენი ამასაც გამოიყენებენ,“ - ეს განცხადება, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ახალგაზრდის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა გააკეთა.
მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ 20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ დაკავებულებზე სამართალდამცავები ზეწოლას ახორციელებენ. მისივე თქმით, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ცდილობენ, რომ ახალგაზრდებს პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენების ორგანიზებასთან დაკავშირებით კონკრეტული პოლიტიკოსის სახელები ათქმევინონ.
მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ამ ზეწოლის მიზანს სახელმწიფო გადატრიალებისთვის საჭირო მტკიცებულებების მოგროვება წარმოადგენს.
„ზუსტად, ცდილობენ იმ ახალგაზრდებს ათქმევინონ რაღაც, ამ ლიდერმა ეს თქვა, ერთ-ერთმა ეს თქვა, ცდილობენ, ამისგან შეკრას სახელმწიფო გადატრიალება, მაგრამ ეს ხომ სასაცილოა, სატირალიც და სასაცილოც არის“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის ღამის მოვლენების შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილიც დააკავეს.