18 ნოემბერი 2024,   23:17
ვრცლად
უნდათ შეზღუდონ ინფორმაცია, რომელიც მათ ბრალეულობას ცხადყოფს - ოპოზიცია 20 ივნისზე შსს-ს მიერ ინფორმაციის დამალვას ეხმაურება

შსს 20 ივნისის ღამეს გამოყენებული სპეცსაშუალებების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას მალავს. გახარიას უწყებას მონაცემების გადაცემის მიზნით  საინფორმაციო სააგენტო On.ge -მ მიმართა, თუმცა შსს მედიასაშუალებას უკვე 40 დღეა მონაცემებს არ აწვდის.

ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლების გამიზნულ ქმედებებზე საუბრობენ. „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგო რატიანი დარწმუნებულია, რომ გახარიას უწყება დანაშაულის დაფარვის მიზნით ინფორმაციის გამჟღავნებას  თავს არიდებს.

„20 ივნისს ხელისუფლებამ, შსს-მ და კერძოდ, მინისტრმა გახარიამ ჩაიდინეს დანაშაული. დანაშაული არის სრულიად შემაძრწუნებელი, როდესაც ყველას ესმის, რომ ესროდნენ ჟურნალისტებს, ახალგაზრდებს, ესროდნენ ტყვიებს, რომლებიც ფაქტობრივად, არ იყო სანქცირებული და ეს ყველას ესმის უკვე, რომელსაც შეიძლებოდა გამოეწვია ლეტალური შედეგები და თვალები აქვთ ადამიანებს დათხრილი, ამ ფონზე მათ უნდა, რომ შეზღუდონ ინფორმაცია, რომ ეს დანაშული, რომელიც ფაქტობრივად, ყველამ იცის, არ გახდეს კიდევ უფრო დასაბუთებულად ცხადი საზოგადოებისათვის,“- განაცხადა რატიანმა.

ე.წ. „გავრილოვის ღამესთან“ დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ გახარიას უწყება ინფორმაციის გაცემას თავს არიდებს, უტყუარი მტკიცებულებაა იმის, რომ ხელისუფლებას ბევრი რამ აქვს დასამალი.

„თუ გრიფის საიდუმლო მართლა დაედო ამ ინფორმაციას, ეს არის მაშინ გამიზნულად დამალვა ინფორმაციის საზოგადოებისთვის, რომელიც ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ დავადგინოთ ზუსტად რა მოხდა 20 ივნისის ღამეს და ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას ძალიან ბევრი რამე აქვს, როგორც ჩანს, დასამალი და ფაქტიურად, კონსპირაციაში შევიდნენ შესაბამისი უწყებები, რომ ეს ინფორმაცია არ გახდეს საჯარო და არ გახდეს ხელმისაწვდომი. მე ვფიქრობ, რომ ამ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა უნდა გასაჩივრდეს შესაბამისად, სასამართლოში და კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში იმისთვის, რომ ჩვენ შევისწავლოთ ყველა ასპექტი, რაც უკავშირდება 20 ივნისის ღამეს, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ არის აუცილებელი,“- განაცხადა სამადაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები