18 ნოემბერი 2024,   23:44
ვრცლად
სუბიექტურ შეფასებას აქვს ადგილი - იზორია "იმედზე" გასულ სკანდალურ ფილმზე, ოპოზიციის კრიტიკას არ იზიარებს

თავდაცვის მინისტრი აგვისტოს ომთან დაკავშირებით "ტვ იმედზე" გასულ ფილმთან მიმართებაში, ოპოზიციის კრიტიკას არ იზიარებს. ლევან იზორია აცხადებს, რომ ძალიან სუბიექტური შეფასებაა თითქოს ფილმი რუსული ნარატივის გაგრძელებაა.

ლევან იზორიამ დღეს გაიმეორა ის მთავარი გზავნილები, რომელზეც "ქართული ოცნების" წევრები მუდმივად საუბრობენ. მინისტრმა თქვა, რომ აგვისტოს ომზე პასუხისმგებელი არის წინა ხელისუფლება.

„ავტორების შეფასება, ფილმების შეფასება შეიძლება იყოს ინდივიდუალური. ვხედავ, რომ აქაც  ძალიან სუბიექტურ შეფასებას აქვს ადგილი. კერძოდ, იმის თქმა, რომ ეს იყო რუსული ნარატივის გაგრძელება, მეც ვნახე ფილმი და ყოვლად მიუღებელია. რატომ? იმიტომ, რომ იქ ცალსახად დაფიქსირდა ფაქტი რუსული შეიარაღებული ძალების ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრისა და  ამაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს. მაგრამ ამასთან ერთად გაცხადდა ის რაც არაერთგზის გვითქვამს, რომ ამ კონფლიქტის და ამ პირდაპირი ოკუპაციის, რომელზეც გვითქვამს, რომ წლების განმავლობაში მზადდებოდა  რუსული აგრესიული პოლიტიკის შედეგად თავიდან აცილება გონიერი პოლიტიკით იყო შესაძლებელი, რაც არ მოხდა,“-განაცხადა ლევან იზორიამ.

"ტელე იმედზე" გასულ ფილმზე მასალა "მედია ჩეკერმა" გამოაქვეყნა. უავტორო, ფილმი, რომელიც რუსეთის პროპაგანდისტული მედიის გზავნილებს ერთი-ერთში იმეორებს - ასე აფასებს მედია ჩეკერი ფულმს, რომელსაც მწვავე კრიტიკა უვე მოჰყვა.

„ფილმში მოვლენების მსგავსი ცალმხრივი განხილვა, კონტექსტისა და ფაქტების არასწორად წარმოჩენა პირდაპირ იმეორებს აგვისტოს ომის შესახებ უკვე კარგად ცნობილი რუსული პროპაგანდის ნარატივს, ხელს უწყობს 2008 წლის მოვლენებში რუსეთის როლის გამოცლის პოლიტიკას და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაძლიერებას”-წერს "მედია ჩეკერი." 

ოპოზიციამ აღნიშნული ფილმი ოკუპაციის აღიარებად და პუტინის პირდაპირი დაკვეთის შესრულებად შეაფასა. გარდა ამისა, ხელისუფლების ოპონენტებმა ფილმის ავტორის ვინაობის დასახელება მოითხოვეს. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები