20/20-ის არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ქვეყანას შესაძლოა, დროებითი პრემიერ-მინისტრი ჰყავდეს. დაგეგმილ სამთავრობო ცვლილებებზე ანალიტიკოსები და პოლიტოლოგები უკვე ღიად საუბრობენ. გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი მამუკა ბახტაძეს პრემიერობის პოსტიდან მალე გაუშვებს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესში "ქართული ოცნების" ლიდერს, მთავრობის სუსტი ხელმძღვანელი სავარაუდოდ აღარ აწყობს.
„ამაზე ყურმოჭრილი და მორჩილი მთავრობა ძნელად წარმოსადგენია. არც ის არის გამორიცხული, რომ კიდევ უფრო უარესები, კიდევ უფრო ყველაფერზე წამსვლელები, ჯალათის ტიპის ადამიანები საარჩევნოდ მოგვივლინოს მთავრობაში,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა რომან გოცირიძემ.
პოლიტოლოგებისა და ოპოზიციის თქმით, სამთავრობო კარუსელი ამით არ დასრულდება და ცვლილებები მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებსაც შეეხება, თუმცა ვის ამოიღებს ივანიშვილი ამჯერად მიზანში, ჯერ უცნობია.
„პროგნოზის გაკეთება სისტემაში, სადაც ყველაფერი ერთ ადამიანზეა ჩამოკიდებული ნაძვის ხესავით და ის ადამიანი რა ხასიათზე გაიღვიძებს და რა ხასიათზე დაიძინებს იმაზეა დამოკიდებული, რომელიმე მინისტრი დარჩება თუ არა თანამდებობაზე, ძალიან რთული საქმეა. მამუკა ბახტაძე ვინ არის მგონი თვითონაც არ იცის. ვერ აკონტროლებს ვერაფერს. ერთ-ერთი ყველაზე სუსტი პრემიერ-მინისტრია,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა.
მოქმედი პრემიერის სისუსტეზე საუბრობს ნინო გოგუაძეც. „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკური მდივანი ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ბიძინა ივანიშვილი, დატოვოს თუ არა მამუკა ბახტაძე თანამდებობაზე.
„ყველა გადაწყვეტილებას იღებს ბიძინა ივანიშვილის და თუ ვინმეს პერსონალურად შეცვლის, ამით რა თქმა უნდა მისი მმართველობა არ შეიცვლება. ასე რომ ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვის და რა სახით გამოცვლის ბიძინა ივანიშვილი,“-განაცხადა ნინო გოგუაძემ.