აგვისტოს ომის გაყალბებული ისტორია - ტელეკომპანია „იმედის“ მიერ სკანდალური ფილმის ეთერში გაშვების შემდეგ, ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორები ახალი ინიციატივით გამოდიან. ისინი ტელევიზიაში კრიტიკული წერილების გაგზავნას გეგმავენ, სადაც სამოქალაქო პოზიცია იქნება დაფიქსირებული. ანტიოსაოკუპაციო აქციის ორგანიზატორები, „იმედის“ ეთერში გასული ფილმის კონცეფციას გმობენ, სადაც საქართველო ომის დაწყების ინიციატორად არის გამოყვანილი.
იდეის ინიციატორები მსურველებს, ვაჟა ფშაველას გამზირზე მდებარე ფოსტის შენობასთან იწვევენ, საიდანაც ტელევიზიაში წერილების გაგზავნა მოხდება.
„ეს არის მიმართვა ტელეკომპანია „იმედს“ იმ სამარცხვინო სიუჟეტზე, რაც გააკეთეს ორშაბათს, რაც არ აქვთ, ეს არის სინდისი და ნამუსი. „სირცხვილია, რუსეთი ოკუპანტია, ომი რუსეთმა დაიწყო“ ნამდვილად 2008 წელს და დიდი ხანია ეს ომი მიმდინარეობს, საქართველო ყოველ შემთხვევაში, ინიციატორი არ ყოფილა არასდროს ამ ამის. 57 დღეა უკვე სირცხვილია და ამათ დაგვიმატეს კიდევ ერთი სირცხვილი. თბილისიდან და 6 რეგიონიდან იგზავნება წერილები, საკმაოდ ბევრი რაოდენობა მიუვათ, ცოტა შეწუხდებიან და იმედია, მიხვდებიან და თავის სინდისს და ნამუსს ჰკითხავენ თუ რამდენად სწორი იყო ის სიუჟეტი, რაც გააკეთეს,“- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
„ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს,“ - ამ სათაურით 11 აგვისტოს ტელეკომპანია „იმედი“-ს ეთერში უავტორო ფილმი გავიდა, რომელსაც საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა. პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და მედიამკვლევარებმა ფილმის ავტორები რუსეთის პროპაგანდისტული გზავნილების გავრცელებაში დაადანაშაულეს.