„20 ივნისის პოლიტპატიმრები" - ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელები გავრილოვის ღამეს დაშავებულების და დაკავებულების დასაცავად ახალი მოძრაობას იწყებენ. ორგანიზატორები ამბობენ, რომ მოძრაობა არ იქნება პოლიტიკური და დაეხმარებიან ყველა იმ ადამიანს, ვინც დაზარალდა პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების შედეგად.
„მისი მთავარი ამოცანა არის იმ პოლიტპატიმრების მხარდაჭერა, არა მხოლოდ მორალური, არამედ სამართლებრივი, პოლიტიკური, რომლებიც, ფაქტობრივად, 21-ე საუკუნეში სამარცხვინოდ ჩვენი ქვეყნისთვის საქართველომ მიიღო, ივანიშვილის დამსახურებით. სადაც ინსტიტუციებს დაადუმებს დიქტატორი, ამ შემთხვევაში ივანიშვილი, იქ უნდა იგუგუნოს ქუჩამ და ქუჩის გუგუნს ივანიშვილი აუცილებლად გაიგებს“, - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მოძრაობის ჩამოყალიბებას დაესწრო 20 ივნისის ღამის შემდეგ დაკავებული მოქალაქის, ბესიკ თამლიანის დედა, რუსუდან თამლიანი. ის ამბობს, რომ მისი შვილისა და მასთან ერთად დაკავებულების წინააღმდეგ არასწორი მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.
„გაბრაზებული ახალგაზრდები შიშველი ხელებით, არცერთ იარაღი არ სჭერია, საიდან მოიტანეს 225-ე მუხლი მეორე ნაწილი, რომელიც იქნა მიყენებული ამ ახალგაზრდებისთვის... მე დღეს ვგავარ გაბრაზებულს კი არა, გამწარებულ, მგელივით, დედა ვარ გამწარებული, უკან არაფერზე არ დავიხევ“, - ამბობს თამლიანის დედა.
პოლიტიკურ დევნას უკავშირებს ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას მისი მეუღლე. ირინა გორდელაძე ამბობს, რომ ოქრუაშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების მიზანს მისი პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოშორება წარმოადგენდა.
„ჩემი მეუღლის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების ერთ-ერთი მიზანი არის პოლიტიკური ანგარიშსწორება. მისი წინასწარი პატიმრობის შეფარდების მიზანიც იყო მისი ჩამოშორება პოლიტიკური პროცესებიდან. თუ სწორად მახსოვს, ჩვენ არ ვცხოვრობთ შუა საუკუნეებში და ამ ქვეყანას არ ჰყავს მეფე, რომელსაც აქვს სრული უფლება, ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღოს და დილეგში ჩააგდოს თავისი მოწინააღმდეგეები ან თავი მოკვეთოს“, - განაცხადა გორდელაძემ.