გასულ დღეებში გუგუტიანთკარში წარმოებული მორიგი უკანონო ბორდერიზაციის შედეგად, ადგილზე ე.წ. საზღვარი, დაახლოებით, 50 მეტრით გადმოიწევს და მავთულხლართების მიღმა მოაქცევს იმ ნასახლარებს, სადაც ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ მოსახელობა ცხოვრობდა. ოკუპანტების გამოჩენის შემდეგ, ადგილობრივებს საკუთარი ხელებით მოუწიათ თავისივე სახლების დანგრევა.
ადგილობრივები ითხოვენ, რომ ადგილზე პრემიერ-მინისტრი ჩავიდეს, რომლის წარმომადგენელიც კი არ ჩასულა ამ დრომდე გუგუტიანთკარში.
მოქალაქეები ამბობენ, რომ საჭიროა მამუკა ბახტაძე ჩავიდეს სოფელში და თავად ნახოს გაყოფილი ბაღები. მათი თქმით, ისინი თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ.
„მთავარია, რომ არ მოიქციონ სარწყავი სისტემა. კარგი იქნება, რომ ჩამოვიდეს, რაღაც სათხოვარი გვაქვს სოფლის დახმარებასთან დაკავშირებით, პატარა დახმარება, ყურადღება, რომ მოგვაქციონ რაღაც სფეროში, პირადად მინდა, რომ ბახტაძე ჩამოვიდეს,“ - ამბობს ადგილობრივი.
სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაცია 7 აგვისტოდან მიმდინარეობს. ე.წ. საზღვრის მიღმა 2 ოჯახის სახლი და რამდენიმე საკარმიდამო ნაკვეთი ექცევა. მოსახლეობა შიშობს, რომ სარწყავი წყლის სისტემასაც მიისაკუთრებენ ოკუპანტები.