18 ნოემბერი 2024,   23:48
ვრცლად
უკანონო დაკავებების პრაქტიკის გაგრძელება წარმოადგენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობას - საგარეო საქმეთა სამინისტრო

გუგუტიანთკარში მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს და საქართველოს მოქალაქეების გატაცებას, საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის პროცესების გამო სიტუაცია დაძაბულია.

საგარეო უწყება მოქალაქეების გატაცებას დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობად აფასებს.

„შეშფოთებას გამოვთქვამთ საოკუპაციო ძალების მიერ შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან 7 ადგილობრივი მაცხოვრებლის გატაცების გამო.

"იმ პირობებში, როცა ბოლო დღეებში განსაკუთრებულად დაძაბულია მდგომარეობა სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის გამო, საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და უკანონო დაკავებების პრაქტიკის გაგრძელება წარმოადგენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობას.

"ჩვენ დაუყოვნებლივ გავააქტიურეთ ცხელი ხაზი; უკვე დავუკავშირდით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს; პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

"მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები საოკუპაციო ხაზზე და პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უპირობო შესრულება, რადგან საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა არის ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების ერთადერთი გზა.

"მივმართავთ ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები