გუგუტიანთკარში, სადაც რუსმა სამხედროებმა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი დილიდან განაახლეს, გორის მერი ჩავიდა. კონსტანტინე თავზარაშვილი ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერებთან მივიდა და რუს ჯარისკაცებთან გასაუბრება სცადა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ჰკითხა რუს სამხედროებს სამუშაო გეგმების შესახებ, თუმცა გორის მერის თქმით, რუსმა ოკუპანტებმა უთხრეს მხოლოდ ის, რომ ბრძანებას ასრულებენ.
თავზარაშვილის განცხადებით, ის სოფელში დღის ბოლომდე დარჩება და მიმდინარე პროცესებს ადგილზე დააკვირდება.
„ჩემთვის ძალიან რთული იყო ემოციურად ამ სიტუაციის ყურება, როდესაც ჩვენს მიწაზე იმყოფებიან და ღობავენ. მე მათთან მივედი, დაველაპარაკე, რომ ეს არის უკანონობა და რატომ აკეთებენ ესეთ რამეს ჩვენს მიწაზე. მაგრამ, ამაზე მათ პასუხი არ გამცეს, ზურგი შემაქციეს" - განაცხადა გორის მერა.
ჟურნალისტებმა გორის მერს შვებულებაში ყოფნის შესახებ კიდევ ერთხელ ჰკითხეს, რაზეც მან თქვა, რომ ეს საკითხი შექმნილ ვითარებაში მეორეხარისხოვანია.
"ვფიქრობ, რომ ჩემს შვებულებაზე საუბარი არის მეორეხარისხოვანი, ახლა მთავარია რომ ის 8 ბიჭი დროზე გამოვიყვანოთ, 8 ბიჭი რომელიც გატაცებული იქნა ე.წ. საზღვრისპირა სოფლიდან, სოფელი მეჯვრისხევიდან და სოფელ ახალუბნიდან“ - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
რუსმა ჯარისკაცებმა ე.წ. საზღვრის გავლება დღეს დილით, დაახლოებით, 11:00 საათისთვის დაიწყეს. ისინი გუგუტიანთკარში რკინის ბოძებს ამონტაჟებენ.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი კი 7 აგვისტოს დაიწყო. აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივების ბაღებში დაამონტაჟეს აბრები და აღმართეს ხელოვნური ბარიერები. საოკუპაციო ზოლს მიღმა მოექცა სამი სახლი და სახნავ-სათესი მიწა.
ადგილობრივებმა, რომელთა სახლებიც რუსმა ჯარისკაცებმა მათ თვალწინ მიიტაცეს, საცხოვრებელი საკუთარი ხელით, აგურ-აგურ დაშალეს და სამშენებლო მასალა გამოიტანეს.
გუგუტიანთკარში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც იმყოფებიან.