პარლამენტის თავმჯდომარე ვარაუდებზე არ უნდა აგებდეს პასუხებს - ასე პასუხობს არჩილ თალაკვაძე ბიძინა გეგიძის ბრალდებებს, რომ მის მიმართ პოლიტიკური დევნა დაიწყო და ერთ-ერთი ლოგიკური მიზეზი მისი გიორგი კვირიკაშვილთან მეგობრობაა.
არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ბიძინა გეგიძეს არასოდეს ჰქონია პრობლემა გამოეთქვა კრიტიკული მოსაზრებები და ჩართულიყო თანაგუნდელებთან დისკუსიაში.
თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ გეგიძეს სხვა პოლიტიკურ გუნდში გადასვლა სურდეს და მისი განცხადება, თითქოს მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა დაიწყო ქულების ჩასაწერად სჭირდებოდეს.
„შესაძლოა, მას სურს სხვა პოლიტიკურ გუნდში გადასვლა, ამისათვის საჭიროა კონკრეტული მიზეზის დასახელება, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ, მან გააკეთა განცხადებები და თავად განმარტავს არგუმენტაციებს,“-ამბობს თალაკვაძე.
რაც შეეხება ბიძინა გეგიძის სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში დაბარებას, პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ პოლიტიკური სპეკულაციების საფუძველს არ უნდა წარმოადგენდეს თუ რომელიმე დეპუტატს ან პოლიტიკოს გამოძიება კონკრეტულ კითხვებზე პასუხების გასაცემად დაიბარებს.
„რაც შეეხება სუს-თან დაკავშირებულ კითხვებს, მინდა გითხრათ,რომ დეპუტატი ,რომელიც არის არჩეული, არის ფრაქციის ლიდერი, მისთვის შეკითხვები წერილობითი თუ ზეპირი სახის არ და ვერ უნდა გახდეს ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილების თუ განცხადებების საფუძველი,როგორზეც მოლოდინები შეიქმნა საზოგადოებაში,“-აცხადებს თალაკვაძე.