18 ნოემბერი 2024,   23:50
ვრცლად
ზურაბ ჯაფარიძის ანგარიშები დაყადაღებულია - "გირჩის" ლიდერს "ახალგაზრდა ადვოკატებმა" უჩივლეს 

ზურაბ ჯაფარიძის ანგარიშები დაყადაღებულია. "გირჩის" ლიდერის ანგარიშებს ყადაღა მას შემდეგ დაედო, რაც პოლიტიკოსს “ახალგაზრდა ადვოკატებმა” უჩივლეს.

დავის მიზეზი ზურაბ ჯაფარიძის 2015 წლის განცხადებაა, როდესაც მან ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში თქვა, რომ "ახალგაზრდა ადვოკატები", პირადად ღარიბაშვილის მიერ მართული ორგანიზაციაა.

რამდენიმე წლიანი სასამართლო დავის შემდეგ ზურაბ ჯაფარიძეს ამ განცხადების უარყოფა დაევალა, თუმცა მოსამართლის მოთხოვნა არ შეასრულა, ამიტომ ახალგაზრდა ადვოკატებმა აღსრულების სამსახურს მიმართეს, რის შემდეგაც პოლიტიკოსს ანგარიშები დაუყადაღეს.

„მე მომისაჯეს 300ლარიანი ჯარიმა დაადეს ინკასო ჩემს ანგარიშებს და პლუს უნდა უარვყო თურმე, რომ ესენი არ არიან ქართული ოცნების სატელიტი ორგანიზაცია.

გადახდას არ ვაპირებ, თუ მომაჭრიან იძულების წესით, რაც შეეხება ინფორმაციის უარყოფას, უარყოფას არ ვაპირებ, ისინი არიან „ქართული ოცნების“ სატელიტი ორგანიზაცია,ამაში ვარ დარწმუნებული,“-ამბობს ზურა ჯაფარიძე.

ორგანიზაცია ”ახალგაზრდა ადვოკატების” ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი ამბობს, რომ პოლიტიკოსმა საკუთარი განცხადება ვერ დაადასტურა, პატივი არ სცა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც მისი განცხადება მიიჩნია ცილისწამებად. სწორედ ამიტომ, კაიკაციშვილის განმარტებით დაყადაღდა ჯაფარიძის საქართველოში მოქმედი ორი საბანკო ანგარიში. 

დღის ამბები