ცილისწამება სისხლის სამართლის წესით დასჯადი უნდა გახდეს - ეს მოთხოვნა პარლამენტში ბიუროს სხდომაზე დეპუტატმა რევაზ არველაძემ დააყენა. მისი განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტი აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის. მისივე თქმით, მსგავსი ტიპის კანონპროექტი ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში მოქმედებს.
"2003 წელს ჩემი ინიციატივით იყო გატანილი კანონპროექტი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ, ცილისწამებისა და შეურაცხყოფისათვის. ორი მოსმენით იყო მოსმენილი ეს საკითხები, პირველი მოსმენით კენჭი ეყარა, მაგრამ, სამწუხაროდ, ძირითადად ჟურნალისტების მიერ დიდი ზეწოლის შედეგად პარლამენტის თავმჯდომარეზე და მის მოადგილეებზე მაშინ ეს საკითხი იქნა დღის წესრიგიდან მოხსნილი. მე მიმაჩნია, რომ ეს აუცილებლად მისაღებია და იმის ლაპარაკი, იცით, რომ თითქოს ევროკავშირი ითხოვს, რომ ეს ასე არ იყოს, ევროკავშირის მრავალ ქვეყანაში არის ეს კანონი და მოქმედებს, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების 26 შტატში, 50 შტატიდან.“ - განაცხადა რევაზ არველაძემ.
მმართველი პარტიის დეპუტატები კი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეებზე საუბრობენ. მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტის წევრებს განსაკუთრებული თმენის ვალდებულება გააჩნიათ.
"ცილისწამება არის ძველი პრაქტიკა, რასაც ხშირად მოყვებოდა ხოლმე, სხვა არგუმენტებს რომ თავი დავანებოთ, ძალიან ცუდი ინტერპრეტაცია და ამ ინტერპრეტაციის საშუალება არ უნდა მიეცეს არავის, თუმცა იქ გეთანხმებით, რომ ძალიან რთულია რაღაცა შეურაცხყოფის მოთმენა, მაგრამ თმენის ვალდებულება ჩვენ გვაქვს გაცილებით დიდი, ვიდრე სხვა ნებისმიერ ადამიანს. რთულია, გეთანხმებით, შეიძლება რაღაცაზე შეიძლება ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ, მაგრამ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკი ერთპროცენტიანი მაინც გავაჩინოთ. კონკრეტულ შემთხვევაზე თუ ვლაპარაკობთ, ნუ რაზე უნდა ილაპარაკო, რაზე იყო ლაპარაკი, ცხვრები მოიყვანეს პარლამენტთან იმ ადამიანებმა, ვინც ნაციონალურ მოძრაობას უჭერდა მხარს,"- განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პარტია „პატრიოტთა ალიანსისთვისაც“ მისაღებია. დეპუტატი გიორგი ლომია აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებობდეს კანონი, რომელიც ნებისმიერი მოქალაქის ღირსებას დაიცავს.
"ერთად დავჯდეთ თუ გექნებათ სურვილი და დრო, შეიძლება რაღაც შესწორებები შევიტანოთ და თქვენ, ბატონო მამუკა, რომ ამბობთ ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, ძალიან ფრთხილად ჩვენ თითოეული ადამიანის ღირსებას. აი, ამას უნდა მოვეკიდოთ ძალიან ფრთხილად და არა იმ ადამიანების, რომლებიც შეგნებულად მიდიან პროვოკაციაზე. თმენის ვალდებულება არის კონსტრუქციული კრიტიკის წინააღმდეგ. მხოლოდ და მხოლოდ, როდესაც მე მაკრიტიკებენ, მე თმენის ვალდებულება მაქვს და არა დედის გინების, არა როცა ოჯახის წევრს შეურაცხყოფას აყენებენ, ამის თმენის ვალდებულებაზე მე ხელი არ მაქვს მოწერილი და არც ერთ თქვენგანს,“- აღნიშნა გიორგი ლომიამ.