ჭავჭავაძის გამზირი და ვარაზისხევის დამაკავშირებელი გზაჯვარედინი ისევ პარალიზებულია. გაშლილია კარვები - ხელახალი არჩევნების მოთხოვნით პროტესტის ახალ ფორმას გუშინ საღამოს მიმართეს. დაანონსდა, რომ გზაჯვარედინის ბლოკირება 24 საათი გაგრძელდებოდა - ეს დრო საღამოს 8 საათზე იწურება.
ბოლო 24 საათია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაშლილია კარვები და ერთმანეთს ენაცვლებიან ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერები და მათი მხარდამჭერები. პერიოდულად კეთდება განცხადებები - სცენა დაკავებული აქვთ პროფესორებსა და აქტივისტებს და აქციაზე შეკრებილ ადამიანებს სიტყვით მიმართავენ. ზუსტად 1 საათში კი ტრიბუნას დაიკავებენ პოლიტიკოსები და მათ სამოქმედო გეგმას გააჟღერებენ.
"ჩვენი პროტესტი იქნება ძალიან მწვავე და არაპროგნოზირებადი, ამის გამოხატულება იყო ბოლო 1 დღე, ასე ვაპირებთ გაგრძელებას. ქვეყანაში არჩევნების მიტაცების შემდგომ ერთადერთი გზა ქართველ ხალხს დარჩა ქუჩაში ბრძოლის და პროტესტის სახით. ამიტომაც, ერთადერთი გზა არის დარჩენილი ახალი არჩევნები,“ - აცხადებს ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ პროტესტის მიზანი არის ქვეყანაში ჩატარდეს ახალი, სამართლიანი, თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები.
"ბუნებრივია, რომ ქვეყნის შიგნით არის მწვავე პროტესტი. ეს პროტესტი სხვადასხვა გამოხატულებას პოულობს, სხვადასხვა ფორმით აპროტესტებენ სხვადასხვა ჯგუფი, მაგრამ ერთსულოვნება არის მიზანში და მიზანი არის ის, რომ ჩატარდეს ქვეყანაში ახალი, სამართლიანი, თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ავტორი: ნანა გოგატაძე