ნატოს საპარლამენტო ასმბელეის პრეზიდენტი, პოლიტიკურ პარტიებს ინდივიდუალურად შეხვდა. მედელინ მუნთან შეხვედრის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ მეხუთე მუხლთან დაკავშირებით, ასმბელეის პრეზიდენტს საკუთარი ხედვები გააცნეს.
ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის გზავნილის თანახმად, ნატოს-ს წესდების მეხუთე მუხლი, მხოლოდ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიების დაფარვას გულისხმობს.
„მეხუთე მუხლთან დაკავშირებით, თქვენ იცით, რომ ეს საკითხი დიდი ხანია არსებობს, მაგრამ არ არსებობს ამ საკითხზე რაიმე ჩამოყალიბებული ხედვა. ამიტომ, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მხოლოდ გავაცანით ასამბლეის პრეზიდენტს ჩვენი ხედვა და გვქონდა საუბარი იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხი არ იქნას გამოყენებული რუსეთის მიერ და რუსული პროპაგანდის მიერ, ქვეყნის ნატოში გაწევრიანების მიზნის განხორციელების საწინააღმდეგოდ“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ნატოს საპარლამენტო ასმბელეის პრეზიდენტს შეხვდნენ "ევროპული საქართველოს" წევრებიც. გიორგი კანდელაკმა, მედელინ მუნთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დღევანდელი ხელისუფლების მმართველობის შედეგად, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და დევნილთა დაბრუნების საკითხები საერთაშორისო დღის წესრიგიდან მოხსნილია.
„ევროპული საქართველოს გზავნილი მსგავს შეხვედრებზე ყოველთვის არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის და დევნილთა დაბრუნების საკითხის აწევა საერთაშორისო დღის წესრიგში, რომელიც დღეს გამქრალია მაღალი დონიდან ქართული ოცნების საქმიანობის შედეგად. ამ ბოლო დროს, ჩვენ ცხადია ვისაუბრეთ საქართველოს ნატოში გაწევრიანებზე და ვისაუბრეთ იმაზე, რომ ის ვინც ამბობს, რომ თითქოს ნატოს სურს, აიძულოს საქართველო ხელი აიღოს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აი ეგ არის რუსული პროპაგანდა სწორედ“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
შეხვედრა გაიმართა "პატრიოტთა ალიანსის" წევრებთანაც. გიორგი ლომია ანდერს ფოგ რასმუსენის გზავნილს ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველო, მანამ სანამ ოკუპირებული ტერიტორიები არსებობს, ალიანსის წევრი ვერ გახდება.
„სოხუმის და ცხინვალის გარეშე, სანამ ოკუპირებული ტერიტორიები იქნება, მანამდე ის ვერ გახდება ალიანსის წევრი. ჩვენ ეს საკითხი დავაყენეთ და კიდევ ვთქვით, რომ იმ მოდელზეც შესაძლოა დათანხმებოდა ადამიანი, შემოთავაზებულ მოდელზე, თუ ეს მოხდებოდა 2-3 თვეში და არა 10 ან 20 წელიწადში, ანუ ისევ არ გაიწელებოდა დროში, რაც პრინციპში, ჩვენ უკვე 30 წლის განმავლობაში დავინახეთ“ - აღნიშნა გიორგი ლომიამ.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართეს უმრავლესობის წევრებმაც. „ქართული ოცნების“ ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საქართველო დღეს ნატოსთან და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან ძალიან ახლოს არის.
„ფაქტია, რომ მიუხედევად შიდა სპეკულაციებისა საგარეო თემებზე, დღეს საქართველო არის ძალიან ახლოს ნატოსთან და იმ პერსპექტივასთან, რაც ჩვენ 2 წლის წინ კონსტიტუციაში ავსახეთ. ეს არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და როდესაც ესეთი შეხვედრები არის, ასეთი შეხვედრებიდან ჩვენ ძალიან იმედიანად გამოვდივართ. ამ რეფორმების ფარგლებში, იმ ფარგლებში, რომ ასპირანტ ქვეყნებს შორის ყველაზე მყარად ვართ ასევე, მაგალითად, მისიების თვალსაზრისით, 870 ჩვენი ჯარისკაცი იბრძვის მშვიდობისათვის ნატოს ჯარისკაცების ფეხდაფეხ და ეს შეხვედრაც იყო ამ ყველაფრის დაფიქსირება, სამომავლო გეგმებზე საუბარი“ - აცხადებს მამუკა მდინარაძე.