18 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
მამუკა ხაზარაძე ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილთან წარსულში არსებულ დავაზე ალაპარაკდა

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებელმა გუშინ "ტვ პირველის" ეთერში სკანდალურ დეტალებზე ისაუბრა. მამუკა ხაზარაძემ ვანო ჩხარტიშვილთან არსებული დავის დეტალები გაიხსენა.

ხაზარაძის თქმით,   ჩხარტიშვილმა რამდენიმე წლის წინ „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ სასამართლოში საქმე აღძრა, რის საპასუხოდაც ბანკმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ხაზარაძე იხსენებს, რომ  გერმანიაში ყოფნისას სარჩელის შეტანიდან მალევე მას ბიძინა ივანიშვილი დაუკავშირდა და საკონსტიტუციო სასამართლოდან სარჩელის გამოტანა  მოსთხოვა.  

„მე ვიყავი გერმანიაში ერთ-ერთ ღონისძიებაზე, როდესაც დამირეკა ივანიშვილმა. ამ საუბარს შეესწრო ერთ-ერთი ჩემი მეგობარი, ვინაიდან ისეთ დროს დარეკა, რომ ვერ განვმარტოვდი. იყო საუბარი, რომ იქნებ გამოგვეტანა საკონსტიტუციო სასამართლოდან სარჩელი. ბანკი ჩემი არ არის 100%-ით და არც ერთ ბიზნესში არ ვყოფილვარ, სადაც 100% ჩემია და მამუკა წყვეტს. ამიტომ მე ძალიან გამიჭირდა ჩემი უცხოელი პარტნიორების დარწმუნება. გადავურეკე მათ და ვუთხარი, რომ მოლაპარაკების გზით მივყავართ. მქონდა ნდობა ამ კაცის და მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამის უკან სხვა რაღაც იდგა. გამოვიტანეთ საკონსტიტუციოდან სარჩელი იმ მოლოდინით, რომ შეხვედრა შედგებოდა“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძე ამბობს, რომ თბილისში დაბრუნებისთანავე არსებულ დავასთან დაკავშირებით, დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს სოლოლაკში, ივანიშვილის სახლში შეხვდნენ. ხაზარაძე ამბობს, რომ  ვანო ჩხარტიშვილთან არსებული დავის შესახებ შემდგარ შეხვედრას  მაშინდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, ბიზნესმენი რომან ფიფია, თავად ვანო ჩხარტიშვილი და ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდნენ.

"ამის შემდეგ ხდება შეხვედრა მის სახლში, სოლოლაკში, შეხვედრას ჩვენი მხრიდან ვესწრებოდით მე და ბადრი, ესწრებოდა ვანო ჩხარტიშვილი, ესწრებოდა ბიზნესმენი ფიფია, ვერ გავიგე სიმართლე გითხრათ თუ რატომ ესწრებოდა იგი ამ შეხვედრას და ბიძინა ივანიშვილი. საოცრება იცით, რა იყო კიდევ? - იცით, ვინ ესწრებოდა შეხვედრას? ეს იყო ირაკლი შოთაძე, მაშინდელი მთავარი პროურორი. გესმით რასთან გვაქვს საქმე? აღმოვჩნდი პატარა სასამართლოში, სადაც ივანიშვილი იყო მოსამართლეც, უზენაესის თავმჯდომარე, საკონსტიტუციოს თავმჯდომარეც. კიდევ კარგი შოთაძე იჯდა იქ, რადგან როდესაც ეს დისკუსია წავიდა, დისკუსიის საათ-ნახევრის შემდეგ წაიჩურჩულა, რომ იგი ვერ ხედავდა ამ საქმეში რაიმე ისეთს, რაზეც ვიყავით შეკრებილები. გამოვედი შოკირებული, ივანიშვილი იყო პატარა სახელმწიფო, რომელიც საქმეს არჩევდა,“- განაცხადა ხაზარაძე,

ხაზარაძისთვის ამ დრომდე უცნობია, რა მიზეზის გამო ესწრებოდა აღნიშნულ შეხვედრას ბიზნესმენი რომან ფიფია, თუმცა ყოფილი მთავარი პროკურორის შეხვედრაზე ყოფნა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა იმით ახსნა,  რომ ივანიშვილი მას ერთდროულად როგორც ბიზნესმენი და როგორც "სახელმწიფო", ისე ესაუბრებოდა.

შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებელმა ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილთან წარსულში არსებული  დავის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ისაუბრა.  

 

 

 

დღის ამბები