18 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
ქუთაისში მილიონობით ლარის ქონება ნადგურდება - გოგი წულაია

ქუთაისში მილიონობით ლარის ქონება ნადგურდება და საფრთხეს წარმოადგენს მოქალაქეებისთვის - ამის შესახებ განცხადება "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ, გოგი წულაიამ გააკეთა. წულაია ბრიფინგზე ქალაქის მასშტაბით მიტოვებული შენობების თემას გამოეხმაურა და ადგილობრივი ხელისუფლება უყურადღებობაში დაადანაშაულა.

"ქუთაისში ასობით შენობა უფუნქციოდ არის დარჩენილი და მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მერიიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია, რამდენია ასეთი შენობა და ვერ გვიპასუხეს, თითქოს ვერ გაიგეს რას ვითხოვდით. ამიტომ ამ შენობებთან გავმართავთ ბრიფინგს და ჩვენ მივაწოდებთ ინფორმაციას. ამასთან, მოვითხოვთ პასუხს, ვისია ეს შენობები და რატომ არ ხდება მათი გაყიდვა ან რეაბილიტაცია. მილიონობით ლარის ქონება ნადგურდება, ამასთან, საფრთხეს წარმოადგენს მოქალაქეებისთვის. დაზიანებული შენობებიდან ბათქაში ცვივა და რამდენჯერმე დააზიანა გამვლელი, არის ანტისანიტარია და მერია არც ინტერესდება ქალაქის ცენტრში არსებული მდგომარეობით" - განაცხადა გოგი წულაიამ.

მისი თქმით, შენობების ნაწილი კერძო საკუთრებაშია, თუმცა მერია მფლობელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას არ სთხოვს. თემასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.

დღის ამბები