18 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
„ქართული ოცნება“ „ევროპული საქართველოს“ ინიციატივის წინააღმდეგ - კამათი ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე   

„ქართული ოცნება“ „ევროპული საქართველოს“ ინიციატივის წინააღმდეგ - მმართველი გუნდი საკანონმდებლო დონეზე ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციაზე უარს ამბობს და ოპოზიციის პროექტს მხარს არ დაუჭერს. 

ხელისუფლების არგუმენტით, "ევროპული საქართველოს" შემუშავებული სამპუნქტიანი დადგენილება ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ხელისშემშლელი იქნება და ის რუსეთის მხრიდან საპასუხო სანქციებს გამოიწვევს.

ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გიგა ბოკერიამ რეზოლუციის შინაარსი განმარტა და დაინტერესდა, რატომ ადანაშაულებენ უმრავლესობის წევრები პროვოკატორობაში. 

„ომი რომ არ იყოს, ნაკლები შანსი რომ იყოს, რომ ჩვენს მოქალაქეებს თავხედურად და ასე ცინიკურად, ცივსისხლიანად არ კლავდნენ, ნაკლები შანსი რომ იყოს, რომ საოკუპაციო ხაზი უფრო ღრმად გადმოწიონ, ნაკლები შანსი, რომ ჩვენი სუვერენიტეტი დაირღვეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა საერთაშორისო კამპანიების მოღვაწეობით.... ამის ნაკლები შანსი რომ იყოს, ლოგიკურია, რომ რუსეთის ფედერაციამ, რომელსაც ამას თქვენც აღიარებთ რომ რუსეთი აკეთებს, იცოდეს, რომ როცა ამ ნაბიჯს გადადგამს, ექნება პრობლემა, მას დაუჯდება ფასი - ჩვენი რეზოლუცია არის ეს. ახლა ამიხსენით, თქვენ, რომელიც აქვე დიდი სადღეგრძელო გვითხარით, როგორ მაგრა ავიწროებთ რუსეთს, რატომ მოგვიტრიალდით და რატომ გვადანაშაულებთ პროვოკატორობაში და ვოლსკის როგორ უჭერთ მხარს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას განცხადებას კამათი მოჰყვა საკომიტეტო მოსმენაზე. პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიმართა და ის „ისტერიაში“ დაადანაშაულა.

„ეს არის თქვენი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომ ამაზე ილაპარაკოთ და არასდროს არ მოისმინოთ ის, რა პოზიცია გვაქვს ჩვენ, თუმცა თქვენი მოსმენა ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი, გულახდილად გეტყვით, მთავარია, რომ საზოგადოებას ესმის ჩვენი პოზიცია“ - განაცხადა სოფო ქაცარავამ.

 

დღის ამბები