მამუკა ხაზარაძის შემდეგ უმსხვილესი ამერიკელი ინვესტორის პროექტიდან გასვლის მიზეზებზე, ბადრი ჯაფარიძეც ალაპარაკდა. ჯაფარიძე აცხადებს, რომ ერთ-ერთი ამერიკული ფონდის წარმომადგენლებს ხელისუფლების პირთან ნამდვილად ჰქონდათ შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც მთავრობის კონკრეტულმა წარმომადგენელმა მას პროექტიდან გასვლა ურჩია. ბადრი ჯაფარიძის თქმით, მისთვისაც უცნობია მთავრობის მხრიდან გაგზავნილი პიროვნების ვინაობა.
"ამერიკული ერთ-ერთი ფონდის წარმომადგენლებს ჰქონდათ შეხვედრა, არ დამისახელეს, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთან, რომელმაც ურჩია, რომ ამ პროექტში ფული არ ჩაედო. მე შემიძლია გითხრათ, ეს მითხრა ფონდის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. არ მითხრა, არ ვიცი ალბათ, კონფიდენციალურობის პირობიდან გამომდინარე. ფაქტი ის არის, რომ ამან შეაყოვნა მათი ინვესტიცია. ფაქტი ის არის, რომ ადამიანებთან მოლაპარაკებული ვიყავით საინვესტიციო ფონდთან და ამ შეხვედრის შემდეგ მათ გადადეს ეს გადაწყვეტილება, ფაქტია, რომ უმიზეზოდ არ მიიღებდნენ"- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოებრივი მოძრაობა ”ლელოს” წევრი, ლევან ბოძაშვილი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტი არის საერთო საკითხი ყველასთვის. მისი განცხადებით, ხელისუფლება უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე, რათა ანაკლიის პორტი აშენდეს. კონსტიტუციონალისტის თქმით ყველა ის პროცესი, რომელიც ანაკლიის პორტს უკავშირდება უნდა იყოს საჯარო და გამჭვირვალე.
"ნებისმიერ პრობლემას, რომელიც შეიქმნება პორტის მშენებლობისთვის ეს უნდა გამოვრიცხოთ ყველამ. ეს არის საერთო საკითხი და არ შეიძლება ვინმემ ამაზე კუთვნილება ავიღოთ. ეს არის ასე ვთქვათ ყველას საქმე, მთელი ქვეყნის საქმეა, ამიტომ აქ პირველრიგში რა თქმა უნდა მთავრობაა და უნდა იყოს მოწოდებული, რომ ეს ყველაფერი მიიყვანოს ბოლომდე და გამორიცხოს ყველა ის პრობლემა, რომელიც შეიძლება შეიქმნას პორტის მშენებლობაში. ყველაფერს უდნა მოეფინოს ნათელი, აბსოლუტურად ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე - გამოძიება იქნება, მოკვლევა იქნება, გამოკითხვა იქნება პირების თუ ნებისმიერი საკითხი უნდა გახდეს საჯარო და ყველამ ამის შესახებ უნდა იცოდეს ყველაფერი." - კონსტიტუციონალისტი, საზოგადოებრივი მოძრაობა ”ლელოს” წევრი, ლევან ბოძაშვილი