საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან. პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები "კონტი ჯგუფთან" პირდაპირ რეკავდნენ და უცხადებდნენ, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით თანამშრომლობა არ გაეგრძელებინათ.
„პირდაპირ რეკავდნენ კონტი ჯგუფთან და ამერიკელ პარტნიორებთან ანაკლიის კონსორციუმში და ურჩევდნენ, რომ არ გაეგრძელებინათ თანამშრომლობა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით და არ მოზიდულიყო დამატებითი თანხები. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს მთავრობა მოქმედებს საქართველოს ინტერესების და საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ რაც უფრო დასასრულს უახლოვდება „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდი, მით უფრო მეტი ადამიანი ალაპარაკდა ზეწოლაზე.
„ეს აღიარა თავად ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც მოყვა როგორ დაიბარა გარჩევაზე საქმის ხაზარაძე და ვანო ჩხარტიშვილი. მას შემდეგ, რაც უკვე ვხედავთ, რომ დაჭერით ემუქრება ხაზარაძეს ხელისუფლება, გადაწყვიტა ხაზარაძემ რომ დაეწყო საუბარი. თუმცა ეს არ არის პირველი, ჩვენ გვახსოვს იგივე ოქუაშვილის საქმე და დარწმუნებული ვარ, რომ რაც უფრო მივუახლოვდებით იმ მომენტს, როდესაც ქართული ოცნება დატოვებს ხელისუფლებას, მით უფრო მეტი ადამიანი ალაპარაკდება რეალურად იმ ფარულ ზეწოლაზე, რომელსაც ხელისუფლება აწარმოებს სხვადასხვა ბიზნესმენზე“ - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი „ქართულ ოცნებას“ ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლაში პირდაპირ ადანაშაულებს. ხაზარაძე ამბობს, რომ უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნიდან მას შემდეგ გავიდა, რაც ხელისუფლებამ მასთან კონკრეტული პირი გაგზავნა და პროექტისთვის თავის დანებება ურჩია.
მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება "კონტი ჯგუფს", რომელიც აქციების 42 პროცენტიანი წილის მფლობელი იყო საჯაროდ "აგდებულად" მოიხსენიებდა.