"მორალურ პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ამ აქციის შეწყვეტის პერიოდში დაზიანდნენ," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მთავრობის მეთაური დღეს, 20 სექტემბერს, დაგეგემილი აქციის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლება დაცულია.
„შეხედეთ, მე მესმის თქვენი ემოციურობა დღეს, განსაკუთრებით 20 რიცხვში, ძალიან კარგად მესმის, ისიც კარგად მესმის, რომ ემოციურობა პირდაპირ უკავშირდება იმ აქციას, რომელიც დღეს საღამოს არის დაგეგმილი. ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არის დაცული, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრს ირჩევს პარლამენტი, ხო?! და ამისთვის საჭირო იყო კენჭის ყრა. ეს არის და ეს. შეხედეთ, მორალურ პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ამ აქციის შეწყვეტის პერიოდში დაზიანდნენ, რა თქმა უნდა, ვგრძნობ. მათი დამზიანებლები არიან დაკავებულები და გამოძიება გრძელდება. კიდევ ერთხელ გპასუხობთ, გამოძიება გრძელდება და ყველა, ვინც ამ აქციის შეწყვეტის დროს ჩაიდინა გადაცდომა, იქნება დაკავებული," - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ 20 ივნისის საქმეზე გამოძიება გრძელდება და ყველა პირი მიეცემა პასუხისგებაში, რომელთა დანაშაულიც გამოიკვეთება.
„ეს გამოძიების ნაწილია, როდესაც ეს ადამიანები, რომლებიც ძალადობდნენ პოლიციაზე, პირდაპირ ეკრანზე ჩანდა. მომიტანეთ თქვენ ან მიიტანეთ საგამოძიებო ორგანოში, ახლა მე ისევ შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციიდან გესაუბრებით. ყველა დაკავებულია მათ შორის, ერთი მაინც მომიტანეთ კადრი და შემდგომ გავაგრძელოთ. მაკო გომურთან მე როგორმე ურთიერთობებს გავარკვევ ჩემი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით," - აცხადებს გიორგი გახარია.