სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი ნონიაშვილი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდა. ნონიაშვილის განცხადებით, აქცია "სირცხვილიაზე" შეკრებილებს უსამართლობის განცდა და უკეთესი მომავლის იმედი აერთიანებთ. ნონიაშვილი ამბობს, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, დღევანდელი ხელისუფლება ქვეყნის სათავშე არ უნდა დარჩეს.
"ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც პრეზიდენტი დაგვასვეს თავზე და ის არ გვეუბნება, რატომ გამოუშვა მკვლელები გარეთ. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც პრემიერ-მინისტრი ცალი თვალით უყურებს სიმართლეს, სადაც ვიცე-პრემიერი ცინიკური სახით უყურებს 20 ივნისის დარბევის კადრებს. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც მურუსიძე არის სამართლიანობის ეტალონი და ემზარ კვიციანი - კანონმდებელი. აქ ვინც ვართ შეკრებილები, ვინც ტელევიზორებიდან გვაკვირდებიან, ყველას ერთი და იგივე რაღაც გვაერთიანებს - ეს არის უსამართლობის განცდა და უკეთესი მომავლის იმედი. ვითხოვთ ამ ყველაფერს იმიტომ, რომ ხელისუფლება უნდა გვემსახუროს და არა გვიმსახუროს. ვითხოვთ იმიტომ, რომ ჩვენია კონსტიტუცია და ჩვენ ვდგავართ სიმართლის მხარეს. აქედან გამომდინარე 3 თვეა ვიძახით ერთი და იგივეს - სირცხვილია გახარია, სირცხვილია მურუსიძე, სირცხვილია ჩუგოშვილი, სირცხვილია ცქიტიშვილი, სირცხვილია ივანიშვილი და სირცხვილია ამდენი ვაზელინი საერთოდ. აი ის ვაზელინი, რომლებსაც ვხედავთ აქ საკანონმდებლო ორგანოში. ყველაზე დიდი სირცხვილია 2020 წელს ამ ხელისუფლების დატოვება," - განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა.
როგორც აქტივისტი აცხადებს, 3 თვიანი პროტესტის მთავარი მოთხოვნა პროპორციული არჩევნებია და არც ერთი მოქალაქე არჩევნების დროს სახლში არ უნდა დარჩეს.
"მე როგორც ერთ-ერთი აქციის ორგანიზატორი ვიტყოდი ერთს, რომ ამ 3 თვიანი პროტესტის მთავარი ამბავი, მთავარი შეჯამება, მთავარი პროდუქტი რაც არის, ეს არის პროპორციული არჩევნები. ეს პროპორციული არჩევნები ნებისმიერ დონეზე, ნებისმიერი საშუალებით უნდა დავიცვათ და ჩვენ არ უნდა დავრჩეთ სახლში. სახლში დარჩენა არის სირცხვილი," - აცხადებს გიორგი ნონიაშვილი.