20 ივნისს ხელისუფლების მიერ ჩადენილმა სამარცხვინო დანაშაულმა განსხვავებულები გაგვაერთიანა - აქცია „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ორგანოზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა რუსეთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალააქეებს მანიფესტი და სამოქმედო გეგმა გააცნო.
„ჩვენ ვართ თავისუფალი საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები!
ექიმები, რომლებსაც ანდობთ ჯანმრთელობას; იურისტები, რომლებსაც ანდობთ სიმართლეს; ჟურნალისტები, რომლებსაც ანდობთ სათქმელს; პოლიციელები, რომლებსაც ანდობთ უსაფრთხოებას; მასწავლებლები, რომლებსაც ანდობთ შვილებს… ხელოვანები და მეცნიერები, სტუდენტები და პენსიონერები, სპორტსმენები და მაღაროელები – ყველა ის, ვისი სამართლიანი, მშვიდობიანი პროტესტიც უკვე სამი თვეა გრძელდება. და როდესაც ჩვენ ყველანი ერთად ვდგავართ ქვეყნის სამსახურში, ჩვენ ვცვლით ქვეყანას უკეთესობისკენ. განსხვავებულთა ერთობა იყო, რამაც მოგვიტანა თავისუფლება, რამაც მოგვიტანა დამოუკიდებლობა და რამდენიმე კვირის წინ ამანვე მოგვიტანა სამოქალაქო საზოგადოების უდიდესი გამარჯვება – პროპორციული არჩევნები! რადგან როცა ერთად ვდგებით, აღარ არსებობს წინაღობა, რომელსაც ჩვენ ვერ გადავლახავთ, აღარ არსებობს ძალა, რომელსაც ჩვენ ვერ ვერევით და აღარ არსებობს იარაღი, რომელიც აფერხებს ჩვენს უკომპრომისო და უკანმოუხედავ სწრაფვას თავისუფლებისკენ!
20 ივნისს ხელისუფლების მიერ ჩადენილმა სამარცხვინო დანაშაულმა განსხვავებულები გაგვაერთიანა, მაგრამ ხელისუფლებამ სამშობლოს ერთგული ხალხის პროტესტს ძალადობით უპასუხა. დაშავდა ასეულობით მშვიდობიანი დემონსტრანტი, მათ შორის, მედიის ორმოცამდე წარმომადგენელი და რაც ყველაზე ტრაგიკულია, მოქალაქეთა ჯანმრთელობას მიადგა აუნაზღაურებელი ზიანი.ჩვენ ამას არ ვპატიობთ!
დღეს აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ვუთხრათ ბიძინა ივანიშვილს: თქვენ გქონდათ შანსი, რომ შეგესმინათ საზოგადოების მოთხოვნები და აგეღოთ პასუხისმგებლობა დაშვებულ შეცდომებზე. თუმცა, ამის ნაცვლად, თქვენ ღიად დაუპირისპირდით ხალხის ნებას. თქვენ დააწინაურეთ შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც დამნაშავე იყო ხალხის წინაშე და ქვეყნის პირველ პირად გაასაღეთ იგი.
და ჩვენ, არც ამას ვპატიობთ!
ჩვენთვის მიუღებელია ერთპიროვნული, ოლიგარქიული, არაფორმალური მმართველობა. ბიძინა ივანიშვილმა იყიდა და მიიტაცა ყველა სახელისუფლებო შტო. იგი აკონტროლებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, რეალობის გასაყალბებლად იყენებს პროპაგანდისტულ მედიას და დევნის თავისუფალ სიტყვას.
დღეს, 2019 წლის 20 სექტემბერს ჩვენ, მისმა უდიდებულესობა სამოქალაქო საზოგადოებამ, ჩავრთეთ წამზომი, რომელიც უკუთვლას 2020 წლის პროპორციულ არჩევნებზე დაასრულებს.
ჩვენ, მოძრაობა „ქვეყნის სამასხურში“, აქ შეკრებილი საზოგადოება, ადამიანები, რომლებიც გვიყურებენ და შორიდან გვიჭერენ მხარს, ვაცხადებთ, რომ ჩვენი მიზანია მშვიდობიანად დავასრულოთ მტერთან კოლაბორაციაში მხილებული ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობა.
ჩვენი სამოქალაქო მოძრაობა ერთიანდება ცივილიზებული სამყაროს ღირებულებების გარშემო, რაც ნიშნავს დემოკრატიულ, თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც მთავრობა ანგარიშვალდებულია საზოგადოებასთან, სადაც სასამართლო სისტემა თავისუფალია პოლიტიკური გავლენებისგან, სადაც საკანონმდებლო ორგანო ემსახურება მოქალაქეების საუკეთესო ინტერესს.
ჩვენ ვერთიანდებით რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ და მიგვაჩნია, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს უალტერნატივო მომავალია, ისევე, როგორც ევროატლანტიკური სივრცისთვის – საქართველოა უალტერნატივო.
ჩვენი უპირველესი ამოცანაა დავიცვათ ჩვენი მოძრაობისა და ქართველი ხალხის ისტორიული მონაპოვარი – პროპორციული არჩევნები და საბოლოო გამარჯვებისთვის:
შევქმნით და გავაძლიერებთ აქტივისტთა მობილურ ჯგუფებს თბილისსა და რეგიონებში, რომლებიც მოსვენებას არ მისცემს ივანიშვილის მსახურებს!
იურიდიულ მხარდაჭერას გავუწევთ გავრილოვის ღამის დაკავებულებსა და დაზარალებულებს!
შევქმნით სწრაფი რეაგირების იურიდიულ ჯგუფს, რომელიც ოპერატიულ კონსულტაციას გაუწევს მოძრაობის აქტივისტებს!
შევქმნით ახალ მედიაპლატფორმებს, რომელიც დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისტულ მედიას!
შევქმნით ელფების არმიას, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილის ტროლებს!
ჩვენ ვაწარმოებთ ფართომასშტაბიან კამპანიას იმისათვის, რათა 2020 წელს მოქალაქეთა კრიტიკულმა უმრავლესობამ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი!
ჩვენ დავამარცხებთ ივანიშვილს საერთაშორისო არენაზე! ჩვენ დავამარცხებთ ივანიშვილს საქართველოში! ჩვენ დავამარცხებთ რუსეთს საქართველოში! ჩვენ არასოდეს დავანებებთ ჩვენ ქვეყანას არც იმ, არც სხვა ერთის ნებას და ჩვენ არასოდეს, არასოდეს დავნებდებით!“ - წერია სამოქმედო გეგმაში.