პრეზიდენტის სადავო შეწყალებები - სკანდალის ახალი ფიგურანტი დიმიტრი გაბუნია ამბობს, რომ საქმესთან შეხება არ ჰქონია. მისი განცხადებით, შეწყალების საკითხებს მისი უფლებამოსილება არ ფარავს და ამაში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია. როგორც გაბუნია აცხადებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებობს შესაბამისი დეპარტამენტი, რომელსაც თავისი კურატორი ჰყავს და ეს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეა.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე თვეების განმავლობაში შესაწყალებელ პატიმართა სიის შედგენაში იღებდა მონაწილეობას.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი მზადაა ამის შესახებ გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდოს. მისი თქმით, პროკურატურა უახლოეს დღეებში სხვა პირებსაც დაიბარებს.
თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ანგი ხუციშვილი დიმიტრი გაბუნიას მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით „კურიერის“ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას არ პასუხობს.
„ვერ გესაუბრებით, ბოდიშს გიხდით,“ - ამბობს ხუციშვილი.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებების საკითხებში არაუფლებამოსილი პირი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, დიმიტრი გაბუნია ერევა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.
ნადირაშვილის განცხადებით, წყარო, რომელმაც "ევროპულ საქართველოს" ინფორმაცია მიაწოდა, ამტკიცებს, რომ დიმიტრი გაბუნიას შეწყალებები ბიზნესად აქვს ქცეული.