"ვინც ეს გააჟღერა, სარჩელით, უმკაცრესად, კანონის სრული პასუხისმგებლობით მოვითხოვ ცილის წამებისთვის და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის პასუხისგებას" - ამ განცხადებით, დიმიტრი გაბუნია მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი არ გამორიცხავს რომ სარჩელით პროკურატურას მიმართოს.
„ვის დაჭირდა ჩემი სახელის და გვარის გათხვრა, ეს უკვე მე მაინტერესებს. ადვოკატთა ჯგუფი მუშაობს, მიმდინარეობს, ჩემი მოთხოვნით დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიებაც ამასთან დაკავშირებით. მე ამ საკითხს ესე არ დავტოვებ. ასე არ შეიძლება ხალხნო, თითის დადება და ვის ინტერესში იყო ჩემი გვარის წამოწევა, ჩემი სახლის და გვარის დასახელება. ბუნებრივია, არ არის გამორიცხული მე პროკურატურას მივმართო და გამოიძიონ. ყველა ის ადამიანი, ვინც ეს დაგეგმა, ვინც ეს გააჟღერა, სარჩელით, უმკაცრესად, კანონის სრული პასუხისმგებლებით მოვითხოვ ცილის წამებისთვის და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის პასუხისგებას“ - ამბობს დიმიტრი გაბუნია.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებების საკითხებში არაუფლებამოსილი პირი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, დიმიტრი გაბუნია ერევა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.
ნადირაშვილის განცხადებით, წყარო, რომელმაც "ევროპულ საქართველოს" ინფორმაცია მიაწოდა, ამტკიცებს, რომ დიმიტრი გაბუნიას შეწყალებები ბიზნესად აქვს ქცეული.