18 ნოემბერი 2024,   21:56
ვრცლად
იურიუდიულ საკითხთა კომიტეტზე დეპუტატები თამარ ალანიას სხვადასხვა დროს მიღებულ გადაწყვეტილებებზე კითხვებს უსვამენ

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს 5 საათია უსმენენ. გასაუბრება თამარ ალანიასთან მიმდინარეობს. დეპუტატებს დეტალურად აინტერესებთ ალანიას მიერ სხვადასხვა დროს მიღებული გადაწყვეტილებების მოტივი. ყველაზე გახმაურებული თემები, რომლებიც ალანიას სახელს უკავშირდება "მუხროვანის ამბოხი" და გვანცა ყუფარაძის საქმეა.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრმა, ირაკლი აბესაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატს კითხვა პროფესიულ ღირსებაზე დაუსვა.

"რომელი უფრო შემლახავია თქვენი პროფესიული ღირსების, როდესაც თქვენ პარლამენტმა დაგიდგინათ, რომ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღეთ და იმ საფუძვლებით, რომელსაც აშკარად არ ეთანხმებით თუ ის, როდესაც 10 კაციან სიაში შესვლის გამო თქვენ სასამართლო კლანის წევრად მოგიაზრებენ, რომელსაც მაინც და მაინც არ განიცდიდით აქ დასმული შეკითხვა-პასუხიდან გამომდინარე?" - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

თამარ ალანიამ აბესაძეს კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ არცერთი კითხვა არ არის ფაქტზე დამყარებული.

"ანუ საბოლოო ჯამში მივედით შეფასებამდე, რომ პარლამენტის მიერ მაშინ მიღებული პოლიტიკური ასე ვთქვათ ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების შესახებ დადგენილება და ამნისტია, არც კანონთან შესაბამისი იყო და არც ფაქტებზე დამყარებული," - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს კითხვით მიმართა ჟურნალისტმა, ირაკლი ტაბლიაშვილმა. ჟურნალისტი დაინტერესდა, იცნობდა თუ არა ის მუხროვანის საქმეს დეტალურად. 

"თქვენ უწოდეთ იმ სამხედრო მოსამსახურეებს გმირები, რომლებიც ე.წ. "მუხროვანის ამბოხში" იყვნენ გასამართლებულები. მე მაინტერესებს, რეალურად იცნობდით თუ არა დეტალურად თქვენ "მუხროვანის საქმეს", უკვე გადაწყვეტილი განაჩენით შეხვედით და წარმართეთ პროცესი თუ ამ საქმის მიმდინარეობამ დაგარწმუნათ პირველ ინსტანციაში მიღებული განჩინების მართებულობაში?" - მიმართა კითხვით ირაკლი ტაბლიაშვილმა, რაზეც მოსამართლეობის კანდიდატმა უპასუხა, რომ საქმეს სრულყოფილად გაეცნო და ისე მიიღო გადაწყვეტილება.

თამარ ალანიას კითხვით უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ მიმართა. 

"თვითმფრინავით ალბათ მგზავრობთ ხომ? აი სალონში თქვენს გვერდით, შუაში რომ თქვენ იყოთ, გვერდით კობა ოთანაძე დაჯდა, აქეთ მხარეს გვანცა ყუფარაძე. თქვენ მიესალმებით მათ, თუ ისე დაიჭერთ თავს, რომ ვითომ ვერ იცანით?" - დაინტერესდა ნუკრი ქანთარია, რაზეც ალანიამ უპასუხა, რომ ორივე მათგანთან ისეთივე კომუნიკაცია ექნებოდა, როგორც გვერდზე მჯდომ სხვა ადამიანებთან.

დღის ამბები