საქართველოს პარლამენტს „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პროექტი წარედგინა.
როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელია და კვლავაც ნარჩუნდება 4.5%-ის ფარგლებში, ამასთან, იზრდება ცალკეული სამინისტროების ხარჯების მაჩვენებლები.
"მაკროეკონომიკური ზრდის პარამეტრი იგივეა და 4.5%-ს ფარგლებში შეადგენს. ცვლილებაა ასიგნებებში, 223 მილიონით იზრდება ხარჯების ნაწილი - 13 მილიარდ 300 მილიონ ლარს აღწევს. იზრდება რამდენიმე სამინისტროს ხარჯები, ესენია: განათლების, ჯანდაცვის სამინისტროები, იუსტიციის სამინისტრო. ამასთან, მცირდება ეკონომიკის სამინისტროს ხარჯები. ყველა კომიტეტს ექნება საშუალება რომ კანონპროექტის განხილვის პროცესში ჩაერთოს,"-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
ოპოზიცია მთავრობას აკრიტიკებს და აცხადებენ, რომ მოსახლეობაზე კვლავ არავინ ფიქრობს.
"მთავრობა ვერ ითვისებს, ჩვენი უცხოელი პარტნიორების გამოყოფილ შეღავათიან კრედიტს სათანადოდ რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს და გადააქვს მომავალ წელს. სამაგიეროდ ქვეყნის შიგნით უფრო ძვირიან ვალს იღებს. ასე არასწორად დაგეგმილ ბიუჯეტს შედეგად მოაქვს ის, რომ ცხოვრება ძვირდება, ფასები მაღლა მიდის"- განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ლარის კიდევ უფრო მეტად გაუფასურებაზე საუბრობს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე:
"გაურკვეველია შემოსავლის რა წყაროებით იქნება გაზრდილი ხარჯები დაფინანსებული. ეს თუ არის შიდა, ან სხვა ვალით, ეს იმას ნიშნავს, რომ გაიზრდება ბიუჯეტის დეფიციტი და კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება ლარის სტაბილურობას."- განაცხადა რომან გოცირიძემ.