იმ ფონზე, როცა ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს, სამოქალაქო საზოგადოება კი ქვეყნის პირველი პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს- პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი იზრდება. ახალი პროექტით სალომე ზურაბიშვილს ღონისძიებებისთვის თანხა 2 მილიონ ლარზე მეტით ეზრდება.
ქვეყნის ვალების საგანგაშო ზრდა, მთავრობის მხრიდან არასწორი მენეჯმენტი, ბიუროკრატიაზე თანხის ხარჯვა და საკუთარი კეთილდღეობის წინა პლანზე დაყენება- ამ მიზეზებს ასახელებს „ევროპული საქართველო“, რის გამოც პარტია წარმოდგენილი კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებს.
„ვინმემ მითხრას ერთი მიზეზი, რატომ უნდა ავიღოთ ვალი, რომელიც არის ჩვენი და ჩვენი შვილების გადასახდელი, იმისთვის, რომ პრეზიდენტს დამატებით 2 მილიონი მივცეთ. არსებული ბიუჯეტით რამე ვერ გააფუჭა და მეტი ფულით უფრო მეტ საქმეს გააფუჭებს?“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე კი ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურების საფრთხეზე საუბრობს:
„შეამცირონ უსარგებლო ხარჯები, მთავრობის გადაწყვეტილება ძალიან ცუდად იმოქმედებს ლარის სტაბილურობაზე.“- აცხადებს გოცირიძე.
უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე დეტალური განცხადების გაკეთებას მას შემდეგ აპირებს, რაც ხარჯების ზრდის კონკრეტულ მიზეზებს გაეცნობა:
„თუ ტყუილად არის გაზრდილი ხარჯები, ხელფასებისთვის, დანამატებისთვის და პრემიებისთვის, ეს რა თქმა უნდა დაუშვებელია, უნდა ვნახოთ რაზეა ეს ხარჯები.“- აღნიშნა სოფო კილაძემ.