დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია შს მინისტრის მოადგილეს კახა საბანაძეს სიცრუეში ადანაშაულებს. საქმე ეხება საბანაძის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ ეკა ბესელიასთან დაკავშირებული უკანონო ჩანაწერების გამავრცელებელი იდენტიფიცირებულია.
„ეს არის ცრუ განცხადება, რომელიც მეორედ გაკეთდა, არავითარი პირველწყარო იდენტიფიცირებული არ არის და თუ ასეა, დაასახელოს მაშინ ბატონმა საბანაძემ. თუ ის გულისხმობს სომხეთის ციხეში მყოფ პატიმარს, რომელზეც იყო მინიშნება, რომ თითქოს ის არის პირველწყარო, ეს არის ტყუილი, რადგან იმ ადამიანმა ეს უკანონო ჩანაწერი ატვირთა 3 დღის შემდეგ, მას შემდეგ, რაც უკვე გავრცელებული იყო 27 იანვრიდან ეს უკანონო ჩანაწერი. ეს ადამიანი არ არის პირველწყარო, ვისზეც საუბრობს მინისტრის მოადგილე. მივმართავ მას, გაასწოროს მისი მცდარი, შეცდომაში შემყვანი განცხადება ან დაასახელოს, თუ ამ რამდენიმე დღეში მოხდა რაიმე, მაგრამ გარწმუნებთ, არაფერი მომხდარა, თორემ მეცოდინებოდა,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ პირადი ცხოვრების ფარული ჩანაწერების პირველი გამავრცელებელი დაკავებულია.