შეწყალების სკანდალური საქმის გამო სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ საუბარი არ წყდება.
ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მოლოდინი აქვთ დაზარალაბულ ოჯახებს, ამაზე საუბრობენ ოპოზიციაშიც, თუმცა, მმართველი გუნდი პროკურატურას ელოდება.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისთვის 50 დეპუტატის ხმაა საჭირო. ამის შემდეგ განხილვას საკონსტიტუციო სასამართლო განაგრძობს. თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია ან დანაშაული ჩაიდინა, პროცესი ისევ პარლამენტში ბრუნდება. ამის შემდეგ პრეზიდენტს იმპიჩმენტის წესით 100 დეპუტატი გადააყენებს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ პატიმართა ხმაურიანი შეწყალებები საფუძვლიან ეჭვებს აჩენს შესაძლო კორუფციაზე, ოპოზიციამ პროკურატურას ერთთვიანი ვადა მისცა. თუ ამ დროში სკანდალურ შეწყალებებზე სიმართლე არ დადგინდება, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ.
"ქართული ოცნება" საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს, მმართველი გუნდი პროკურატურას ენდობა და გამოძიების შედეგებს ელოდება.