კამათის მიზეზი ამჯერადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატისთვის კითხვის დასასმელად გამოყოფილი დრო გახდა. უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეთა კანდიდატების მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში მესამე დღეა, ხმაურით მიმდინარეობს.
დეპუტატები დღეს სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე შოთა გეწაძეს გაესაუბრნენ, რომლის პროცესიც 10 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სხდომა უმრავლესობამ გახსნა. მმართველი გუნდის თითქმის ყველა დეპუტატის მთავარი კითხვა 2011 წელს და ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეჩერების საქმეს ეხებოდა. ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს ოპოზიცია ამავე მოსამართლის მიერ 5 წლის შემდეგ უკვე ახალი ხელისუფლების პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირებს.
"მიწერილი საქმეები" - ეს ფრაზა დღეს გეწაძისა და მოქმედი ხელისუფლების მისამართით დარბაზში რამდენჯერმე გაჟღერდა. საარჩევნო დავები და არაფორმალური მმართველობა - ეს იყო მთავარი აქცენტები "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან.
შოთა გეწაძე უკვე მესამე კანდიდატია, რომელსაც პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მოუსმინა. დარჩენილია 17 პროცესი, რომელიც 2 თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს.