18 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს საქართველოსთვის დაკისრებული კომპენსაციის გადახდა შეახსენა

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს საქართველოსთვის დაკისრებული კომპენსაციის გადახდა შეახსენა, როგორც "უპირობო ვალდებულება".

საქმე ეხება ე.წ. დეპორტირებულების საქმეს, რისთვისაც ევროსასამართლომ 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა რუსეთს დააკისრა. იუსტიციის მინისტრის თქმით, ამ საკითხის მომდევნო განხილვა დეკემბერში იგეგმება.

"რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგობის მიუხედავად ჩვენ შევძელით და მივაღწიეთ იმას,რომ მომდევნო განხილვა ამ საკითხის შედგება არა გაისად არამედ მიმდინარე წლის  ბოლოს მინისტრთა კომიტეტის  სხდომაზე დეკემბერში" - განუცხადა ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა.

ევროსასამართლოს განმარტებით, იმ დაზარალებულებმა, რომელთა მიმართ დაირღვა კონვენციის მე-4 მუხლი (კოლექტიური გაძევება) უნდა მიიღონ კომპენსაცია 2 000 ევროს ოდენობით. ხოლო, მათ ვის მიმართაც დაირღვა კონვენციის მე-5.1 მუხლი (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და მე-3 მუხლი (პატიმრობის არაადამიანური და დამამცირებელი პირობები), უნდა მიიღონ 10-15 ათას ევრომდე ოდენობით კომპენსაცია, რაც ზუსტად განისაზღვრება საპატიმროში გატარებული დროის ხანგრძლივობაზე.

იუსტიციის სამინისტრომ ევროსასამართლოში 1 795 ადამიანის სია წარადგინა. საქართველოს მთავრობამ აღნიშნულ საქმეზე საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში 2007 წლის 26 მარტს შეიტანა.

დღის ამბები