18 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
"ეკა ბესელიამ აჩვენა თავის სახე, რეალურად... ეს არის ნამდვილი პროვოკაცია“ - დავით მათიკაშვილი  

„ეკა ბესელიამ აჩვენა თავის სახე რეალურად. საზოგადოებას დაანახა ეს სახე. ეს არის ნამდვილი პროვოკაცია“ -ასე ეხმაურება ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას. 

ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს სახეში გაარტყა. როგორც "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატი ამბობს, მისი რეაქცია, ვანო ზარდიაშვილის შეურაცხმყოფელ რეპლიკას მოჰყვა. კომიტეტის სხდომაზე პარლამენტარებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოულოდნელად ფიზიკურში გადაიზარდა, რის გამოც შესვენება გამოცხადდა. 

დავით მათიკაშვილის თქმით, ეკა ბესელიამ ქართულ პოლიტიკაში აქტუალობა დაკარგა და ამგვარი საქციელით ყურადღების მიპყრობას ცდილობს. 

„რეალურად, ეკა ბესელია აღარ აინტერესებს ქართულ საზოგადოებას და ის ყველანაირად ცდილობს, დაბრუნდეს ამ აქტუალობაში. პირადად მე, მაგალითად, დავტოვებდი მანდატს და წავიდოდი, მივხედავდი ჩემს საქმეს, იმიტომ რომ მე იქ ვნახავდი, რომ რეალურად, ჩემთვის ძალიან რთულია სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელება. პარლამენტში არსებობს ეთიკის საბჭო და მე ვანო ზარდიაშვილის ადგილას აუცილებლად გავასაჩივრებდი ამას“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პარლამენტის წევრი, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ სწორედ ვანო ზარდიაშვილის შეურაცხმყოფელ რეპლიკებს მოჰყვა ეკა ბესელიას რეაქცია.  

„ჩვენს დროში, დამოუკიდებელი დეპუტატების დროში, ბექა ნაცვლიშვილმა, ქალბატონმა ეკამ, გედიმ დააფიქსირეს პოზიცია. მესმის, რომ ეს არ იყო სასიამოვნო მოსასმენი ქალბატონი მირანდასთვის და ძალიან სატანჯავი იყო კლანისთვის. შესაძლებელია, ჩინაჩალაძემ სთხოვა ზარდიაშვილს, შედი და რაღაც მოიმოქმედე. გახსოვთ მისი სიტყვა, ყველამ ნახა ეს, შეურაცხმყოფელი განცხადებები ქალბატონი ეკა ბესელიას მიმართ, ამას მოჰყვა ის რეაქცია, რაც შეიძლება თქვენც ზუსტად იგივე გაგეკეთებინათ“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები