გენერალურმა პროკურატურამ შეწყალების საქმეზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი გამოკითხვაზე დაიბარა. პროკურატურაში დაბარებულები არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები - დავით კაშია, ნინო კალანდაძე, ნინო შარაშიძე, დიანა ტაბატაძე-რეხვიაშვილი და ზინაიდა ვერულაშვილი.
მათ დაბარებას წინ უძღოდა სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თითქმის 6 საათიანი გამოკითხვა. ხუციშვილმა საგამოძიებო უწყება კომენტარის გარეშე დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ხელი გაუთქმელობის ხელწერილზე მოაწერინეს.
უცნობია, დაიბარებენ თუ არა კვლავ დაკითხვაზე შეწყალების დეპარტამენტის კურატორს.
ანგი ხუციშვილი ერთადერთი არ არის, ვის დაკითხვასაც დაზარალებული ოჯახის წევრები ითხოვენ. მოკლული დავით ოთხმეზურის ოჯახი სრულ პასუხისმგებლობას სიის შედგენაში მონაწილე პირებს და პრეზიდენტს აკისრებს. გარდაცვლილის ახლობლებისთვის ასევე მიუღებელია სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული ასლან ბეჟანიძის ოჯახის და ადვოკატების განცხადებები.
პრეზიდენტის პასუხისმგებლობაზე საუბრობს მოკლული იოსებ ქოიავას ოჯახიც. გარდაცვლილის მამა ზურაბიშვილის გარდა, ყველა იმ პირის დაკითხვას მოითხოვს, რომლებიც სიის შედგენაში მონაწილეობდნენ.
შეწყალების საქმეზე მოწმის სახით უკვე დაიკითხნენ დაზარალებული ოჯახის წევრები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები. არ არის გამორიცხული გამოძიებას კითხვები სალომე ზურაბიშვილთანაც ქონდეს.