ნაძირალა, არაკაცი, გაგგლიჯავ შუაზე - ეს სიტყვები დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ისმოდა. სიტყვიერი დაპირისპირება იმდენად დაიძაბა, რომ ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილს ხელითაც კი შეეხო. ჩხუბი, ყვირილი და ურთიერთბრალდებები თითქმის ხუთი წუთი გრძელდებოდა.
ეკა ბესელიას ეს რეაქცია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ვანო ზარდიაშვილის რეპლიკას მოჰყვა. "ბესელიას მორალი" - ეს იყო ფრაზა, რომელმაც ამავე კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის გაღიზიანება გამოიწვია.
პოლიტიკურ ბრალდებებთან ერთად შეურაცხმყოფელი განცხადებებიც ისმოდა.
ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილს, რომელსაც ოპონენტები სასამართლო სისტემაში მოქმედი გავლენიანი ჯგუფის ლობისტად მოიხსენიებენ, პროვოკაციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს. ბესელიას სოლიდარობა კოლეგებმა ოპოზიციური ფრაქციებიდან გამოუცხადეს.
იურიდიული კომიტეტი მოსამართლეობის მეოთხე კანდიდატს დილის 10 საათიდან უსმენდა. კომიტეტის წევრი ვანო ზარდიაშვილი, სხდომას 4 საათის შემდეგ მას მერე შეუერთდა, რაც კითხვების დასმა დამოუკიდებელმა დეპუტატებმა დაიწყეს.
დეპუტატი ზარდიაშვილი პარლამენტის თავმჯდომარემ დაიცვა. არჩილ თალაკვაძის შეფასებით მომხდარი ვანო ზარდიაშვილზე ფიზიკური თავდასხმა იყო, რაც პარლამენტის იმიჯს აზარალებს.
მმართველი გუნდის ერთი ნაწილი კომიტეტზე მომხდარმა ინციდენტმა ხუმრობის ხასიათზე დააყენა, მეორე ნაწილი კი იმას განიხილავდა, უნდა უჩივლოს თუ არა ზარდიაშვილმა ქალ დეპუტატს შეურაცხყოფისთვის.
დაპირისპირებიდან ერთ საათში კომიტეტმა მუშაობა კვლავ კამათით განაახლა. ვანო ზარდიაშვილი სხდომაზე აღარ შესულა. ეკა ბესელიამ კი კომიტეტის თავმჯდომარეს გაფრთხილება მისცა. ამავე სხდომაზე გაირკვა, რომ უმრავლესობა მომხდარს გენდერის ჭრილში განიხილავს.