სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას გაეროში, კრიტიკული შეფასებები მოჰყვა თბილისში. ოპოზიცია ამბობს, რომ პრეზიდენტმა რუსეთთან მიმართებაში აქცენტები არ დასვა და არც კრემლის ბოლო დროინდელ პროვოკაციებზე ილაპარაკა. აზრები ორად გაიყო მათ შორის უმრავლესობაშიც.
ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა - ასე შეაფასეს ზურაბიშვილის 28 წუთიანი გამოსვლა "ევროპულ საქართველოში". ოპონენტების თქმით, პრეზიდენტმა არცერთი მწვავე აქცენტი რუსეთის მიერ ჩადენილ ეთნიკურ წმენდაზე და კრემლის ბოლოდროინდელ პროვოკაციებზე არ დასვა.
რუსული ოკუპაციის ორი მსხვერპლი სახელმწიფოს პრეზიდენტებს შორის შედარებებს დღეს არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც აკეთებდნენ. პოლიტიკოსების ნაწილის შეფასებით, არ დარჩათ შთაბეჭდილება, რომ სალომე ზურაბიშვილი გაეროს ტრიბუნაზე ოკუპირებულ სახელმწიფოს წარმოადგენდა. ნაწილმა ისიც ჩათვალა, რომ მიმართვა უფრო რუსეთის ფედერაციას ეკუთვნოდა, ვიდრე საერთაშორისო პარტნიორებს.
სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შემდეგ, დავით უსუფაშვილს კითხვებს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის არსებული კომუნიკაცია უჩენს. "შენების" მოძრაობის ლიდერი დარწმუნებულია, რომ ზურაბიშვილის ტექსტის პათოსი ხელისუფლებასთან გავლილი იყო. ზურაბიშვილს სიტყვის პათოსი დაუწუნა წინა პრეზიდენტის წარმომადგენლებმაც.
თბილისში დაბრუნებულ პრეზიდენტს გაეროში წარმოთქმული სიტყვის გარდა, პასუხის გაცემა სხვა მწვავე კითხვებზეც მოუწევს.