18 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
"სავალუტო რეზერვების გამოყენებით, შესაძლებელი იქნება ინფლაციის მოთოკვა" - კობა გვენეტაძე 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის დრამატულ გაუფასურებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ ივნისის მოვლენებმა ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე გარკვეულ გავლენა იქონია. მთავარი საფინანსო ინსტიტუტის პრეზიდენტის განცხადებით, იმ რეზერვებით, რომლებიც ეროვნულ ბანკს აქვს, ინფლაციის მოთოკვა შესაძლებელი გახდება.  

"ივნისის მოვლენების შემდეგ საკმაოდ შეიცვალა სიტუაცია, რამაც გავლენა იქონია მოლოდინების არხით და ტურისტული შემოსავლების შემცირების არხით, ვალუტის შემოდინებაზე ქვეყანაში. ამან შექმნა დაწოლა ინფლაციაზე. ზუსტად ახლა ეს გვაძლევს საშუალებას, საჭიროების შემთხვევაში, გამოვიყენოთ სავალუტო რეზერვები, ვფიქრობ, რომ სწორი მიდგომებით და თანმიმდევრული პოლიტიკით სხვადასხვა ბერკეტების გამოყენებით, რომელიც ეროვნულ ბანკს აქვს, შესაძლებელი იქნება ინფლაციის მოთოკვა," - აცხადებს კობა გვენეტაძე. 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საპარლამენტო მდივანი გიორგი კაკაურიძე ოპოზიციის წევრების განცხადებებს პასუხობს და ამბობს, რომ მათი მოსაზრებები თანხვედრაში არ არის. 

"აბსოლუტურად თანხვედრაში არ არის ოპოზიციის ერთი მოსაზრება მეორესთან, ვინაიდან რეგულაციებმა თუ რაიმე გავლენა იქონია, იქონია იმპორტზე. იმპორტის გაზრდის შემთხვევაში კურსს ექნება მეტი ზეწოლა. ამიტომ, ოპოზიციის მოსაზრებები თანხვედრაში არ არის ერთმანეთთან. რაც შეეხება დედოლარიზაციის პოლიტიკას, დედოლარიზაციით ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ფიზიკური პირები არ დადგნენ იმ რისკის ქვეშ, რომ ვალუტის კურსის ცვალებადობა არ ახდენდეს მუდმივად მყისიერ გავლენას მათ შემოსავლებზე და ხარჯებზე," - აცხადებს გიორგი კაკაურიძე. 

დღის ამბები