"ფასების სტაბილურობა უმნიშვნელოვანესი საკითხია და ამისთვის ცენტრალურ ბანკს აქვს ყველა ინსტრუმენტი, რომ რეაქციები და რეაგირება მოახდინოს," - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ.
უმრავლესობა პასუხიმსგებლობას ლარის გამყარებაზე ეროვნულ ბანკს აკისრებს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ლარის გამყარებისთვის ეროვნულმა ბანკმა სწრაფი და ეფექტური ნაბიჯები უნდა განახორციელოს.
„მე მიმაჩნია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა გადადგას სწრაფი ნაბიჯები იმისათვის, რომ ლარის დევალვაცია შეწყდეს და ინფლაცია დაუბრუნდეს და ახლოს მივიდეს მის მიზნობრივ მაჩვენებელზე. ფასების სტაბილურობა უმნიშვნელოვანესი საკითხია და ამისთვის ცენტრალურ ბანკს აქვს ყველა ინსტრუმენტი, რომ რეაქციები და რეაგირება მოახდინოს. ზოგადად, მე ვფიქრობ, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა იმუშაოს პრევენციაზე და არ უნდა დააგვიანოს რეაგირება,“ - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
ლარი ისტორიულ მაქსიმუმზეა. ინფლაციის შესაჩერებლად ეროვნული ბანკი უკიდურესი ზომებისთვის ემზადება. იქნება კიდევ ერთი 40 მილიონიანი ინტერვენცია.
კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ფასი 3 ლარს გასცდა. ოფიციალური კურსით კი დოლარი 2 და 98-ია. არ არის გამორიცხული, დღის ბოლოს ვითარება კიდევ შეიცვალოს. 5 საათზე ეროვნული ბანკი ახალ შედეგებს გამოაცხადებს.