საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, მთავარი კითხვა დიპლომატთა შეხვედრის ინიციატორის ვინაობაა.
პროცესში მონაწილე სამივე მხარე: თბილისი, მოსკოვი და ბერნი აცხადებს, რომ ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრა შვეიცარიის ორგანიზებით შედგა, თუმცა რუსულმა მედიამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით სხვა ვერსია გაავრცელა.
კიდევ ერთი კითხვა, რომელიც შეხვედრის შემდეგ გაჩნდა, ჟენევის ფორმატის შეცვლის საკითხია.
საქართველოსა და რუსეთის პირველ დიპლომატებს შორის შეხვედრას რამდენიმე საათის შემდეგ ევროკავშირი გამოეხმაურა. განცხადებაში აქცენტი დიალოგის უალტერნატივობის შესახებ გაკეთდა.
ლავროვი-ზალკალიანის შეხვედრას ვაშინგტონიც აფასებს. განცხადებაში, რომელსაც საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს, სტრატეგიული პარტნიორის ორი მთავარი გზავნილია.
შეხვედრას დადებითად აფასებს გაეროც. ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება გაეროს გენერალურმა მდივანმა დადო და იმედი გამოთქვა, რომ ფაქტი რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთოებას შეუწყობს ხელს. კონსტუქციულ დიალოგს ელოდება ეუთოს თავმჯდომარეც. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრა ტვიტერის საკუთარ გევრდზე შეაფასა.
"ალექსანდრე რონდელის ფონდის" მკვლევარ ვალერი ჩეჩელაშვილს მოლოდინებზე საუბარი ნაადრევად მიაჩნია. რუსეთში საქართველოს ყოფილ ელჩს ყველაზე მეტად ის აინტერესებს, რამდენად ჩამოყალიბებული პოზიცია და ძლიერი არგუმენტები ჰქონდა საქართველოს. ყოფილი დიპლომატი, რომელიც სერგეი ლავროვს პირადად იცნობს, ფიქრობს, რომ რუსულ მხარეს საკუთარი სტატეგია საქართველოსთან დაკავშირებით უფრო აქვს განსაზღვრული, ვიდრე ოფიციალურ თბილისს.
"განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ჩაჩავა დიალოგის მომხრეა, თუმცა მისთვის მნიშვნელოვანია ქართული მხარის გზავნილების გამჭვირვალობა.
უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილ მოადგილეს თეონა აქუბარდიას აინტერესებს, რატომ დამალა ხელისუფლებამ შეხვედრა და რატომ არ გაიმართა თბილისში ამ თემაზე კონსულტაციები. ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში პასუხი სჭირდება იმაზეც თუ ვინ მოითხოვა ამ ფორმატში აუდიენციის გამართვა.
ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრის შედეგის პირველ ნიშნებს ექსპერტები, დაახლოებით, 3 კვირაში ელოდებიან. დავით ზალკალიანი საქართველოში რამდენიმე დღეში დაბრუნდება. სავარაუდოდ, მაშინ გაირკვევა, გაასაჯაროებს თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრი 12 წლიანი პაუზის შემდეგ გამართული აუდიენციისა და რუსეთთან დაკავშირებით სტრატეგიის დეტალებს.