ოპოზიცია საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს პარლამენტში იბარებს. დეპუტატებს აინტერესებთ პასუხი კითხვებზე - რატომ გაასაიდუმლოვა ხელისუფლებამ რუსეთის პირველ დიპლომატთან, სერგეი ლავროვთან მოლაპარაკება და რატომ არ ემთხვევა ერთმანეთს ქართული და რუსული მხარის ვერსიები დიალოგის შინაარსთან დაკავშირებით.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ ლავროვი-ზალკალიანის მოულოდნელად ჩანიშნულ დიალოგს მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა - "ქართულ ოცნებას" წინასაარჩევნოდ პოლიტიკური დივიდენდი მიეღო.
ის, რაც ოპოზიციას ეჭვებს უჩენს, მმართველი პარტიისთვის მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის თქმით, ქვეყნის პირველი დიპლომატი დეპუტატების შეკითხვებს მინისტრის საათის ფორმატში უპასუხებს, საკომიტეტო მოსმენა კი უმრავლესობისთვის ოპოზიციის დღის წესრიგია. რა ფორმატში მოუსმენენ მინისტრს - ეს საკითხი, შესაძლოა, მორიგი ცხარე დებატების მიზეზი გახდეს. დავით ზალკალიანს საკანონმდებლო ორგანოში ოქტომბრის დასაწყისშივე ელოდებიან.
გზავნილებს კრემლიდან სხვადასხვანაირად კითხულობენ ექსპერტები. ანალიტიკოსების ნაწილს არც ლავროვის ცინიკური ტონი გაჰკვირვებია და, შესაბამისად, რუსეთთან დიალოგისგან ბევრს არაფერს ელის.
რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს 26 სექტემბერს შეხვდნენ. თავდაპირველად ითქვა, რომ შეხვედრა შვეიცარიის ინიციატივით გაიმართა, მოგვიანებით კი რუსმა დიპლომატმა განაცხადა, რომ დიალოგი ქართულმა მხარემ მოითხოვა.