18 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
იმპიჩმენტი თუ საგამოძიებო კომისიის შექმნა - სკანდალური შეწყალებების თემა გრძელდება

პრეზიდენტის სკანდალური შეწყალებების თემაზე ოპოზიცია მოვლენების განვითარების ორ სცენარს ხედავს - იმპიჩმენტს, ან პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ შეწყალებების საქმეში დანაშაულის ნიშნები ცალსახად იკვეთება. 

"გვაჩვენებს დრო რა მიმართულებით წავალთ - წავალთ პირდაპირ იმპიჩმენტის მოთხოვნით, რასაც სჭირდება პარლამენტში 50 ხმა და, ალბათ, უნდა შევძლოთ მისი მოგროვება, ან წავალთ თუ არა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის გზით. მაგრამ ფაქტია, რომ უკვე რასაც ჩვენ ვხედავთ, აშკარად იკვეთება დანაშაულის ნიშნები. პრეზიდენტს მოუწევს პასუხის გაცემა ყველა იმ კითხვაზე, რომელიც აქვს საზოგადოებას,"- განაცხადა რომან გოცირიძემ. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ამბობს, რომ პრეზიდენტის ქმედების კრიტიკა შეიძლება, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგით ცხოვრება არ შეიძლება. 

"არ შეიძლება ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგზე იცხოვროს მთელმა ქვეყანამ. შევაფასოთ, დავგმოთ, გავაკრიტიკოთ, მაგრამ არ შეიძლება რომ "ნაცმოძრაობას" ავყვეთ ყველაფერში, ვინაიდან ქვეყნის დანგრევა, კრიტიკული სიტუაციის შექმნა არის ერთადერთი მიზანი, რასაც მათი პოლიტიკური გეგმები ემსახურება,"- განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 პატიმარი შეიწყალა, რომელთა შორის მკვლელობასა და ნარკორეალიზაციაში მსჯავრდებული პირებიც იყვნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები