ლარი გაუფასურებას განაგრძობს. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება ისევ გაძვირდა. ახალი გაცვლითი კურსით ეროვნულმა ბანკმა დაადგინა. ერთი დოლარის ღირებულება 2 ლარი და 97 თეთრია, თუმცა კომერციულ ბანკებში ეს ნიშნული სამ ლარს სცდება. ეს იმ ფონზე, როდესაც ეროვნულმა ბანკმა გასულ კვირას 40 მილიონიანი ინტერვენცია განახორციელა.
ჯერ კიდევ დილით, ეკონომიკურ გუნდს, მოლოდინები ჰქონდა, რომ ლარი არა თუ გაუფასურდებოდა, არამედ გამყარდებოდა კიდეც.
„ფუნდამენტური პრობლემები ჩვენს ეკონომიკას ნამდვილად არ სჭირს და პირიქით, ეს ეკონომიკური ზრდა იძლევა საშუალებას, რომ ლარი გამყარდეს. ჩვენ საკმაოდ კარგ კოორდინაციაში ვართ ეკონომიკური პროფილის უწყებები და ეროვნული ბანკი. რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ ეს დამოუკიდებელი ინსტიტუციაა. მათ ხელთ აქვთ ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, გარკვეული კორექტირება გააკეთონ და ეს ამ ბოლო დროს, გამოჩნდა კიდეც. აქედან გამომდინარე, მე მინდა გავიზიარო ჩემი კოლეგების ოპტიმიზმი ლარის კურსთან დაკავშირებით. ლარის კურსი, რა თქმა უნდა, დრო და დრო არის გამოწვევა, განსაკუთრებით იმ კატეგორიის მოსახლეობისთვის, ვინც არის უფრო მეტად დამოკიდებული დოლარზე, თუმცა, მათი რიცხვიც ნელ-ნელა კლებულობს დედოლარიზაციის პოლიტიკის პროცესში, მაგრამ არაფერი ხდება ისეთი, რასაც მთავრობა ვერ მოუვლის და ვერ მიხედავს“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
განცხადება გააკეთა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კაკაურიძემ. მისი თქმით, იმისათვის, რომ არ მოხდეს ინფლაციური პროცესების გააქტიურება, ეროვნულმა ბანკმა გარკვეული ნაბიჯები დაგეგმა.
„მაკროეკონომიკური ფაქტორები არ არის იმის გამომწვევი, რაც ვალუტის კურსთან მიმართებაში ხდება. დღეს, სამწუხაროდ, ვალუტის კურსი არის მნიშვნელოვნად უფრო გაუფასურებული, ვიდრე ეს უნდა იყოს ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე. ეროვნულმა ბანკმა დაინახა საფრთხე, რომ ეს შეიძლება გადაიზარდოს ინფლაციაში, რაც არის ეროვნული ბანკის კონტროლის მთავარი მიმართულება. სწორედ იმიტომ, რომ ეს არ გადაიზარდოს ინფლაციაში და არ მოხდეს ინფლაციური პროცესების გააქტიურება, ეროვნულმა ბანკმა დაგეგმა გარკვეული ნაბიჯები, მათ შორის იყო ინტერვენცია. გააკეთეს განცხადება, რომ რაც საჭირო იქნება, ყველა ნაბიჯს გადადგამენ, რომ კურსმა არ გადაინაცვლოს ინფლაციის პროცესებში," - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.