18 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
ვისი ინიციატივით შედგა შეხვედრა - დავით ზალკალიანს კითხვებზე პასუხის გაცემა პარლამენტშიც მოუწევს

ვისი ინიციატივით შედგა შეხვედრა ნიუ  იორკში საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის - დავით ზალკალიანს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა პარლამენტშიც მოუწევს. მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიცია იბარებს, თუმცა კითხვები მხოლოდ შეხვედრის ინიცირებას არ შეეხება. 

„კურიერის“ კითხვის საპასუხოდ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლავროვის ვერსია, დღეს კატეგორიულად არაერთხელ უარყო. 

ის ფაქტი, რომ ჯერ თავად „ქართულ ოცნებაშიც“ ვერ გაურკვევიათ, ვინ იყო დიალოგის ინიციატორი, ოპოზიციას დამატებით ეჭვებს უჩენს. დეპუტატებმა დავით ზალკალიანი პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე დაიბარეს, თუმცა მმართველი გუნდი ამბობს, რომ ზალკალიანს საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფარგლებში, ოქტომბერში ისედაც ელოდებოდნენ. 

ერთადერთი, ვისაც ლავროვი-ზალკალიანის პირისპირ შეხვედრაზე კითხვები არ აქვს, "პატრიოტთა ალიანსია". 

მსგავს პოზიციას კოლაბორაციონიზმს უწოდებენ აქტივისტები, რომლებიც დილიდან საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იყვნენ შეკრებილები.

პრეტენზია, რომ ოკუპანტ სახელმწიფოსთან მოლაპარაკებები ერთი-ერთზე, საერთაშორისო პარტნიორების გარეშე ეჭვებს აჩენს, მმართველი გუნდისთვის გაუგებარია. "ქართული ოცნება" ოპტიმიზმს ინარჩუნებს და რუსეთისგან კონსტრუქციული ნაბიჯების მოლოდინშია.

თბილისიდან ისევ გაცვეთილი თეზისი, ოკუპაცია გვესმის - ამ შეფასებით ეხმიანება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისის რეაქციას ზალკალიანი-ლავროვის პირისპირ შეხვედრასთან დაკავშირებით. როგორც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში წერია, ქართველი კოლეგები თბილისში არა შეხვედრის შინაარსით, არამედ პროტოკოლით უფრო დაინტერესდნენ.

რა მიზნით შედგა შეხვედრა და რა შედეგი მიიღო ქართულმა მხარემ? - ეს არის ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომლითაც ოპოზიცია დავით ზალკალიანს მიმართავს. 

 

 

დღის ამბები