„ეს არის ის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც მიღწეულია ფართო კონსენსუსი“ - ამის შესახებ ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც უმრავლესობის წევრი აღნიშნავს, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა აცხადებს, რომ ისინი ნებისმიერ შემთხვევაში, მათ მიერ შეთავაზებულ პროპორციულ საარჩევნო სისტემას დათანხმდებიან.
„ეს არის ის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც მიღწეულია ფართო კონსენსუსი და ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილი აცხადებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი მხარს დაუჭერენ ჩვენს მიერ შეთავაზებულ პროპორციულ სისტემას, ნულოვანი ბარიერით. თუმცა აქ იყო განსხვავებული აზრიც მხოლოდ და მხოლოდ ბლოკებთან დაკავშირებით. როდესაც ვსაუბრობთ რეალურ პარტიებზე და არა ერთკაციან პარტიებზე, რომლებიც გვახსოვს წარსულიდან საქართველოში, შეუძლებელია, ეს ყველაფერი დალაგდეს საზოგადოების ინტერესის შესაბამისად ამ შემთხვევაში, ბლოკების არსებობისას. აქედან გამომდინარე, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რის გამოც ჩვენ ბლოკებზე ვამბობთ უარს“ - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისია, რომელიც ბოლო პერიოდში სახალხო განხილვებს მართავდა, მუშაობას ასრულებს. კომისია საერთო პოზიციაზე უნდა შეჯერდეს, რის შემდეგაც განხილვები კომიტეტებში დაიწყება. კომისიის წევრებმა იმ პრინციპულ საკითხებზე იმსჯელეს, რომელიც საბოლოოდ, კონსტიტუციაში უნდა აისახოს.
თითქმის ყველა პოლიტიკური სუბიექტი თანხმდება, რომ 2020 წლის არჩევნები ნულოვანი ბარიერით და ბლოკების გარეშე ჩატარდეს. თუმცა მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნოდ, პოლიტიკურ პარტიებს ბლოკების შექმნის საშუალება უნდა ჰქონდეთ.