ბათუმში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კვირეული იწყება. "ნატოს" დელეგაციის ჩამოსვლამდე ბათუმის აეროპორტში შეფასება საქართველოს საგარეო მინისტრმა გააკეთა.
დავით ზალკალიანის შეფასებით, საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით წლევანდელი წელი უპრეცენდენტოა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, წელს საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი, ასევე დღეს ნატოს ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს ჩამოსვლა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გზავნილია. ეს არის ქვეყნის პოლიტიკური მხარდაჭერა.
"ნატოს გასული წლის სამიტზე საქართველოსთან მიმართებაში უპრეცედენტო ფორმატი იყო გამოყენებული. სახელმწიფო მეთაურების დონეზე ცალკე ფორმატი მიეძღვნა საქართველოსა და უკრაინას, უსაფრთხოების თემებზე დისკუსიას და აღინიშნა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ასპირანტი ქვეყანა ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტით ნატოში გაწევრიანებისთვის. ევროატლანტიკური საბჭოს დღევანდელ ვიზიტსაც სწორედ ამ კონტექსტში განვიხილავთ. გვექნება საუბარი ყველა ძირითად მიმართულებაზე, რაც აქტუალურია ნატოსთან ურთიერთობებისთვის. ბათუმში შეკრება ნატოს მხრიდან არის ხაზგასმა შავი ზღის უსაფრთხოების კონტექსტზე. შავი ზღვის უსაფრთხოება სულ უფრო მეტ ადგილს იკავებს ნატო-საქართველოს ურთიერთობებში,"- განაცხადა დავით ზალკალიანმა ბათუმის აეროპორტში, სადაც ნატოს დელეგაციის წევრების ოფიციალური დახვედრის ცერემონია შედგა.