ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია, შესაძლოა, პოლიტიკაში დაბრუნდეს. ქობულიას თქმით, გადაწყვეტილებას ნოემბრის ბოლოს მიიღებს. ამ ეტაპზე უცნობია, ვისთან გადის ყოფილი მინისტრი კონსულტაციებს.
"ახლა გავდივარ მთელ რიგ კონსულტაციებს, პირველ რიგში, ვცდილობ, შევიკრიბოთ გუნდი, მე მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის კარგია დასავლური ბლოკი და დასავლური ინტეგრაცია, მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა გვქონდეს ეკონომიკური და დაბალანსებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან," - აცხადებს"კურიერთან" საუბრის დროს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი.
გიორგი ქობულიას შესაძლო პოლიტიკაში მოსვლას უკვე მოჰყვა გამოხმაურებები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.
"გიორგი ქობულიას ჰქონდა საშუალება, ერთი წლის განმავლობაში რაღაც გაეკეთებინა, თუმცა მე ვერ გავიგე მისი ვერანაირი ხედვა და პოზიცია მთავრობაში, რომ წამოვიდა მერე რაღაც განცხადებები გააკეთა, ეს მისი საქმეა, ჩვენ მასთან კონსულტაცია არ გვაქვს," - ამბობს მამუკა ხაზარაძე.
"მსგავსი ტიპის პროფესიონალის გამოჩენა იქნებოდა დადებითი მოვლენა, თუ ის ასეთ ნაბიჯს გადადგამს, მე მზად ვარ გავიარო კონსულტაციები მასთან," - აცხადებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე.
"მასთან არც თანამშრომლობას განვიხილავ, არც კონსულტაციებს, რადგან ის ღირებულებები, რაც ჰქონდა ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში, ჩემთვის მიუღებელია,"- ამბობს პოლიტიკური პარტია "სახალხო ტრიბუნის"თავმჯდომარე დავით ჭიჭინაძე.