ვანო ზარდიაშვილი სადეპუტატო მანდატს დატოვებს თუ არა, ამ დრომდე უცნობია. ქართული ოცნების დეპუტატი მას შემდეგ არ გამოჩენილა, რაც ეკა ბესელიამ საჯაროდ, კომიტეტის სხდომაზე სახეში გაარტყა.
ვანო ზარდიაშვილი ამ დრომდე პარლამეტში არ გამოჩენილა. არაერთი მცდელობის მიუხედავად, დეპუტატი "კურიერის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
ვანო ზარდიაშვილის სადეპუტატო მანდატის შესაძლო დატოვებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მას ზარდიაშვილთან კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა დეპუტატის გეგმებზე საუბარი არ ისურვა.
"ბატონმა ვანო ზარდიაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ დეპუტატის მანდატი მისთვის თვითმიზანი და ის მთავარი ღირებულება არის, რომლისთვისაც ჩვენი გუნდი მუშაობს. მე მქონდა საუბარი მასთან და ვიცი, რა თქმა უნდა, რა გეგმები აქვს მას სამომავლოდ. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, ცოტა ხანში გეცოდინებათ უფრო მეტი და უპრიანია თავად ზარდიაშვილმა ისაუბროს," - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მას ვანო ზარდიაშვილის სადეპუტატო მანდატის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გააჩნია.
"მსგავსი ინფორმაცია და საკითხი გუნდში არც დასმულა და არც განხილულა. რაც შეეხება კომიტეტზე ან სესიაზე არდასწრებას, ჩვენ შეგვატყობინა ბატონმა ვანომ, რომ ის სხდომას საპატიო მიზეზით ვერ ესწრება,"- განმარტა ანრი ოხანაშვილმა.
უმრავლესობის ყოფილი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, ვანო ზარდიაშვილის პარლამენტში დარჩენა-არდარჩენის საკითხს ბიძინა ივანიშვილი წყვეტს.
"ეს ადამიანი არის მოსიარულე ნაღმი, რომელზედაც "ქართული ოცნება" პერიოდულად ფეთქდება. ამიტომ ეს არის ის ტვირთი და სიმძიმე "ქართული ოცნებისთვის," რომელიც მათ თვითონ უნდა გადაწყვიტონ, ასოცირება ამ ადამიანთან უნდათ თუ არ უნდათ. ზარდიაშვილმა მე კი არ მომაყენა შეურაცხყოფა, მან, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილი შეურაცხყო იმ სიტყვებით, რასაც მე მეუბნებოდა,"- უთხრა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.
ზარდიაშვილის სადეპუტატო მანდატის დატოვების საკითხს ოპოზიცია გამოეხმაურა.
"ნუ გაგვიკვირდება თუ ვანო ზარდიაშვილს გააგდებენ პარლამენტიდან, რადგან ქალის ნაცემი კაცი აქ როგორ უნდა იჯდეს? აი მელიას რომ მოერტყა ცხვირში, ან მე იტყოდნენ, რომ ბრძოლაში დაზიანდა და ჩაეთვლებოდა კაცთან ბრძოლაში. ქალთან დამარცხებულს ესენი ვერ აიტანენ, ეს ხუმრობა და სერიოზულად არავინ კითხავს ზარდიაშვილს, ამას ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს," - განაცხადა " ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ.
ვანო ზარდიაშვილის სადეპუტატო მანდატის შესაძლო დატოვების შესახებ ინფორმაცია მედიაში გუშინ გავრცელდა.