18 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
"არ უკავშირდება მაგ ქალბატონს" - ზარდიაშვილი დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ პირველ განმარტებას აკეთებს

წერილის გავრცელების შემდეგ ვანო ზარდიაშვილმა ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან განმარტებები გააკეთა და სადეპუტატო მანდატის დატოვების შესახებ ისაუბრა.

"ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება, ამასთან დაკავშირებით როგორც პარტიის, ასევე პარლამენტის ხელმძღვანელობას ვაცნობე ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. მათ ჰქონდათ პოზიცია, რომ მე არ უნდა დამეტოვებინა პარლამენტი, მაგრამ ეს არის ჩემი პირადი გადაწყვეტილება. შენ უნდა თქვა უარი თანამდებობაზე იმის გამო, რომ შენი ოჯახის წევრები და შენი არასრულწლოვანი შვილები დაუმსახურებელ ცილისწამებასა და ფსიქიკურ წნეხს განიცდიან, შესაბამისად, ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. თანამდებობა არის მხოლოდ საშუალება, გამოადგე შენ მოქალაქეებს, თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვისთვის იზრუნო და ეს არ არის პირადი კეთილდღეობის საკითხი,"- განაცხადა ზარდიაშვილმა.

მისივე განმარტებით, სადეპუტატო მანდატის დათმობა ეკა ბესელიასთან დაპირისპირებას არ უკავშირდება.

"არავითარ შემთხვევაში ეს არ უკავშირდება მაგ ქალბატონს, პირიქით, მაგ ქალბატონს რომ უკავშირდებოდეს ჩემი გადადგომა, არ გადავდგებოდი,"- აღნიშნა ზარდიაშვილმა.

ზარდიაშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილების შესახებ მან ბიძინა ივანიშვილსაც აცნობა და ირწმუნება, რომ სადეპუტატო მანდატის დათმობის მიუხედავად, პარტიას არ ტოვებს და "ქართულ ოცნებაში" რჩება. 

უმრავლესობის უკვე ყოფილმა წევრმა საკუთარი გადაწყვეტილება წერილობით ახსნა. მთავარ არგუმენტად კი ზარდიაშვილი იმ ადამიანებს ასახელებს, რომლებსაც, მისივე თქმით, არანაირი პოლიტიკური მორალი არ გააჩნიათ. სწორედ ეს არის პირველი განმარტება იმ ორკვირიანი გაუჩინარების შემდეგ, როცა ეკა ბესელიამ მას სახეში საჯაროდ გაარტყა და შეურაცხყოფაშიც დაადანაშაულა.

დღის ამბები