18 ნოემბერი 2024,   03:51
ვრცლად
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ანა დოლიძის იმპიჩმენტს ითხოვენ - ოპოზიცია კლანურ გავლენებზე საუბრობს

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ანა დოლიძის იმპიჩმენტის საკითხი დასვა. საბჭოს მოსამართლე წევრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სთხოვენ, მისი წინამორბედის კვოტით დანიშნულ დოლიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტოს. მიზეზად კი დოლიძის პოლიტიკურ განცხადებებს ასახელებენ და მიიჩნევენ, რომ ის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პოლიტიკურ ტრიბუნად იყენებს.

სასამართლო სისტემის დისკრიმინაციით ხსნიან ანა დოლიძის პოლიტიკურ განცხადებებს საბჭოს მოსამართლე წევრებიც და უფრო მეტიც - ანა დოლიძის საბჭოს წევრად ყოფნას კანონდარღვევად აფასებენ.  

საბჭოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე ანა დოლიძის წარსული და მისი მხრიდან გაკეთებული ყველა პოლიტიკური განცხადება გაიხსენეს. კრებული 10 გვერდიან დოკუმენტში მოათავსეს და პრეზიდენტს არამოსამართლე წევრის საბჭოში უფლებამოსილების შეწყვეტა მოსთხოვეს. ანა დოლიძე დაწყებულ კამპანიას მის პოლიტიკურ დევნად აფასებს. 

გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად საკუთარი კვოტით წარადგინა, პროცესს სამარცხვინოს უწოდებს. ყოფილი პრეზიდენტი იმპიჩმენტის დაყენების საკითხს სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებს უკავშირებს. 

ანა დოლიძის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ იუსტიციის საბჭოს მიერ მომზადებული დოკუმენტი სალომე ზურაბიშვილს უახლოეს დღეებში გადაეგზავნება. 

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხს კრიტიკულად აფასებს ოპოზიცია და კლანურ გავლენებზე საუბრობს. მმართველი გუნდი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში ჩარევას არ აპირებს. არასამთავრობო სექტორში კი ამბობენ, რომ ანა დოლიძის წასვლით კლანურ მმართველობას კომფორტული გარემო ექნება. 

 

დღის ამბები