ანაკლიის პროექტზე ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება - "კონტი ჯგუფი" არ ადასტურებს "ანაკლიის კონსორციუმის" განცხადებს იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანია ანაკლიის პროექტში რჩება.
როგორც "კონტი ჯგუფის" წერილშია ნათქვამი კომპანია საკუთარი წილის გაყიდვას ცდილობს, თუმცა, როგორც განმარტავს, ტრანზაქციას მთავრობისგან და კონსორციუმის სხვა წევრებისგან დასტური სჭირდება.
აქედან გამომდინარე, კომპანიაში ვარაუდობენ, რომ პროცესი შესაძლოა, დროში, ვადაზე მეტად გაიწელოს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონტი ჯგუფი კონსორციუმის დატოვებას არ აპირებს.
"წელს Conti International-მა, "კონტი ჯგუფის" წევრმა და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამაარსებელმა წევრმა, მიაღწიეს შეთანხმებას ანაკლიის პორტის პროექტში საკუთარი პოზიციის გაყიდვის შესახებ.
ამჟამად შეთავაზებული ტრანზაქცია მოითხოვს საქართველოს მთავრობისა და კონსორციუმის სხვა წევრების თანხმობას, რომელიც არ დადასტურებულა და ნაკლებად სავარაუდოა მათი ვადამდე შესრულება. შედეგად, ტრანზაქცია არ შეიძლება დაიხუროს და მისი ვადის გასვლა მოხდეს ოქტომბრის ბოლომდე.
მაშინ, როცა კონსორციუმის მიმდინარე ტრანზაქციები ვერ განხორციელდა, მისი აქციები კვლავ უცვლელი რჩება. "კონტი" გააგრძელებს ანაკლიის პორტის პროექტში საკუთარი აქციების გაყიდვას და დატოვებს კონსორციუმს პროექტის კონსტრუქციული მხარდაჭერით" - ნათქვამია წერილში.
"კონტი ჯგუფის" პროექტში დარჩენასთან დაკავშირებით განცხადება "ანაკლიის კონსორციუმმა" გუშინ გააკეთა.
დღეს დამატებითი განმარტებების გაკეთება მოუწია "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ხელმძღვანელს "კოტი ჯგუფთან" დაკავშირებით. ლევან ახვლედიანის თქმით, კონტექსტი არასწორად იქნა გაგებული, რადგან საუბარი იყო იმაზე, რომ "კონტი ჯგუფი" დათქმულ ვადაზე არ გადის პროექტიდან და გარკვეული პერიოდი ისევ უწევს პროექტში ყოფნა:
"მათ დააფიქსირეს თავისი სურვილი გასვლასთან დაკავშირებით, ჩვენ ცოტა სხვანაირი ინტერპრეტაცია გვქონდა, მათ მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის, მაგრამ ფაქტები არის იგივე, ტრანზაქცია რომელიც შეთანხმდა ზაფხულის განმავლობაში და გასაჯაროვდა თუ არ ვცდები აგვისტო-სექტემბრის დასაწყისში, იყო დაგეგმილი რომ ოქტომბრის ბოლომდე იქნებოდა ყველა ფორმალობა, ნებართვები, მათ შორის მთავრობისგან აღებული, ამ ფორმალობების დასრულება ვერ მოხერხდა, შესაბამისად ტრანზაქცია არ შედგა, "კონტის" აქციების გასხვისება აღარ მოხდა და რჩებიან ისინი აქციონერებად. უახლოეს მომავალში ამგვარი ტრანზაქცია არ იგეგმება და არც ლაპარაკი არაა მათი აქციების გამოსყიდვასთან დაკავშირებით, შესაბამისად ისინი რჩებიან აქციონერებად," - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.